5 ივლისს “ძლიერ საქართველოში“ განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ. ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური ორგანიზაციები თავიანთ პოზიციას კიდევ ერთხელ და ხაზგასმით აფიქსირებენ:
“პროტესტში მყოფ სტუდენტურ მოძრაობებს, სტუდენტებს აქამდეც არაერთხელ დაგვიფიქსირებია პოზიცია ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით
ვინაიდან, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და 20 ივნისის შემქმნელ გიორგი გახარიას მიერ ჩამოყალიბებულმა პარტიებმა გადაწყვიტეს არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროდ მიგვაჩნია, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.
არსებული რეჟიმის იზოლაცია კრიტიკული მნიშვნელობისაა. ნებისმიერი ქმედება, რომელიც ამ იზოლაციის დარღვევისკენაა მიმართული, ჩვენს თვალში განიხილება როგორც არა პოლიტიკური შეცდომა, არამედ ღალატი. ღალატი იმ ადამიანების, ვინც თავისუფლებისთვის თავიანთი სიცოცხლის ყველაზე ძვირფას წლებს თმობენ.
ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ იმ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანატოლების, რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების, სინდისის პატიმრების ოჯახებს ზურგს აქცევენ.
ნუ გეგონებათ, რომ საზოგადოება ვერ ხედავს, ვინ იბრძვის თავისუფლებისთვის და ვინ თამაშობს დადგმულ სპექტაკლში. არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ იმ “არჩევნებში”, რომელშიც გამარჯვება არა ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, არამედ კულისებს მიღმა გარიგებებზეა დაფუძნებული“, – წერს ფრიუნისა და აგრუნის სტუდენტური მოძრაობა სოციალურ ქსელში.
ანალოგიური განცხადებები ჯიპა-სა და ილიაუნის სტუდენტურმა ორგანიზაციებმაც გამოაქვეყნეს.