გიორგი ვოლსკიმ საპარლამენტთაშორისო კავშირის მიერ ორგანიზებულ საპარლამენტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ 21-23 თებერვალს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ვოლსკიმ კოლეგებთან შეხვედრები გამართა.

ყოველწლიურ საპარლამენტო მოსმენაზე განხილვის მთავარი თემა მიგრაციის საკითხი და პარლამენტების როლის გაძლიერება იყო.
შეხვედრა საპარლამენტთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა გაბრიელა კუევას ბარონმა და გაერო-ს 72-ე გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, მიროსლავ ლაიჩაკმა გახსნეს.

კანონმდებლებმა მიგრაციის მართვის მექანიზმების შემუშავების შესახებ იმსჯელეს და ერთმანეთს ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება გაუზიარეს.

ღონისძიების ფარგლებში, მოსმენის მთავარ საკითხთან დაკავშირებით, გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, სადაც პარლამენტის წევრებთან ერთად, მიგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ექსპერტებმა ამ პროცესში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მიმდინარე წელს, გაერო-ს წევრი ქვეყნები მაროკოში, მთავრობათაშორის კონფერენციაზე დოკუმენტს -“გლობალური თანხმობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და დარეგულირებული მიგრაციისთვის” მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში შესაძლოა ოკეანერიუმი აშენდეს
შემდეგი სტატიაშპს “ელფი” ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა – თბილისის მერია