გიორგი ვოლსკი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელს, სევერინ შაპაზს შეხვდა.

შეხვედრაზე სევერინ შაპაზმა, რომელიც დაკავებულ პოზიციას ტოვებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თავისი შემცვლელი, ანნ მონტაგონი წარუდგინა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. საუბრის თემას, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაკარგულ და დაღუპულ პირთა ნეშტების მოძიების და გაცვლის საკითხები წარმოადგენდა.

„ძალიან ბევრი ჩამოვასვენეთ წითელი ჯვრის მეშვეობით და ასევე ძალიან სერიოზული იყო ყოველთვის წითელი ჯვრის ჩართულობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანების სამკურნალოდ გადმოყვანის პროცესში. მათ ამ მხრივ დიდი საქმე აქვთ შესრულებული. ვისაუბრეთ, როგორ გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა მომავალში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

banner
წინა სტატიაშითქვენ – ხალხს გაქვთ ძალა, რომ განსაზღვროთ საკუთარი ქვეყნის ბედი – კრამონი აქციაზე
შემდეგი სტატიარადიოსადგურებს ხვალიდან გათიშვა ემუქრება – სახელმწიფო დავალიანების დაფარვას ითხოვს