ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლების შესახებ ხელისუფლების განცხადებები „მორიგი ტყუილია“,- აღნიშნული განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში გააკეთა.
ვაშაძის თქმით, პროექტის განხორციელება წლების განმავლობაში დაპირებების მიუხედავად არ დაწყებულა და საზოგადოებას შეცდომაში შეჰყავთ. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ თავად გახდა პროექტის შეჩერების მიზეზი.
„დღეს მორიგი ტყუილი მოვისმინეთ. მართლა გჯერათ, რომ ანაკლიის პორტს ააშენებენ? 2 წლის წინაც უნდა აეშენებინათ, ვითომ კონტრაქტორიც მოიყვანეს, ვითომ ტენდერიც ჩაატარეს, მაგრამ არაფერია გაკეთებული. ხალხის მოსატყუებლად თქვეს, რომ განაახლებენ სამუშაო პროცესებს – ეს არის ტყუილი. როგორც აქამდე არაფერი გაუკეთებიათ, ისე არც ახლა გაკეთდება. ტყუილია, რომ არ იყო ამერიკული ინტერესები. „ოცნებამ“ გააჩერა. ანაკლიის კონსორციუმს ყველა პირობა შეუქმნეს, რომ გაჩერებულიყო. უფრო მეტიც, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმრო დაწესებულებისთვის გაწირეს.“, – აცხადებს ვაშაძე.
ვაშაძემ, ასევე, ისაუბრა საქართველო-შეერთებული შტატების ურთიერთობებზე, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ურთიერთობების „გადატვირთვას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ამერიკასა და ევროპასთან.
„ტყუილია, რომ ამერიკასთან ურთიერთობა რამენაირად დალაგდება. ამ ტყუილს რამდენიმე კვირა ყიდიან იმისთვის, რომ მათ მიმართ საზოგადოების ნეგატიური განწყობა იმატებს და ახლა რაღაცნაირად უნდათ შეატყუონ, თითქოს რაღაც ხდება. ზუსტად ვიცი „ქართული ოცნების“ დნმ-ი, ისინი არიან მატყუარები. მოგატყუეს, ხალხო, როგორც ყაველაშვილის ტრამპთან ხელის ჩამორთმევა გაყიდეს იმად, რომ დიდი რესტარტი დავიწყეთო. როგორც მათი პირველი ლედის ვიზიტი გაყიდეს , რაღაც საოცრებად – ვხედავთ, რომ ამ ყველაფერს არაფერი მოჰყვა. შესაბამისად, ვერაფერი ვერ მოჰყვება ტყუილებს. რაც შეეხება რუბიოს ზარს, დარწმუნებული ვარ , რომ იქაც საუბარი იყო იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს ქართულმა მხარემ იმისისთვის, რომ ურთიერთობები აღდგეს. ამისთვის საჭიროა, რომ საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას – პატიმრები [გათავისუფლება] და არჩევნები [დანიშვნა] “, – განაცხადა ვაშაძემ.
















