გიორგი ვაშაძე თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს.

„ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს დოკუმენტაცია, სადაც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მითითებით, კომისიის დამოუკიდებელ წევრებს პირდაპირი მითითება ეძლევათ, როგორ მოიქცნენ.

„საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა მოგვაწოდეს მათ მიერ დაგზავნილი მეილები, სადაც კანონის საწინააღმდეგო მითითებას აძლევენ საოლქო საარჩევნო კომისიების ე.წ. დამოუკიდებელ, პროფესიული ნიშნით შერჩეულ პირებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, საუბარია მოთხოვნაზე, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული დამოუკიდებელი ნიშნით შესარჩევ წევრებთან გასაუბრების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციურმა პარტიებმა დააყენეს.

ვაშაძის თქმით, საოლქო კომისიის წევრებს მითითებებს აძლევენ, რომ სხდომაზე ამ მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, საკითხი კენჭისყრაზე საერთოდ არ გაიტანონ.

„ვციტირებ: თუ ამას მოითხოვენ სხდომაზე, საერთოდ არ დააყენოთ ეს საკითხი კენჭისყრაზე. კანონი გასაუბრებას არ ითვალისწინებს“, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე, მისი თქმით, აქვს დოკუმენტაცია, სადაც ე.წ. მესიჯბოქსს აძლევენ კომისიის დამოუკიდებელ წევრებს, რა უნდა უპასუხონ მედიასაშუალებებს, რა სახის განცხადება და განმარტება უნდა გააკეთონ.

ვაშაძე აცხადებს, რომ ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება და ცესკო-ს თავმჯდომარეს მიმართავს.

„მინდა მივმართო თამარ ჟვანიას, ის რასაც თქვენ აკეთებთ, არის არჩევნების ტოტალური გაყალბების სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში,“- აღნიშნა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – შამბამ პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც ათწლეულების განმავლობაში ვამტკიცებდით
შემდეგი სტატიაფეხბურთელ გურამ კაშიას საქმეზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია გამოკითხეს