გიორგი ვაშაძე: „სამართლიანი არჩევნების“ცალკე აღებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის ოპოზიციის გეგმებს

„ძალიან მძიმე ვითარებაა, არ შემიძლია ვთქვა, რომ არ ვეთანხმები კორექტირებულ ვერსიას. კიდევ ერთხელ ვამბობ, „სამართლიანი არჩევნები“ აფიქსირებს ოქმებში დაფიქსირებულ შედეგებს, რათა არ მოხდეს ამ ოქმების გადაკეთება საოლქო თუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ როგორც თვითონ ამბობენ, დაუშვა შეცდომა. ეს არ არის მარტივი შეცდომა, ეს არის ძალიან, ძალიან მძიმე შეცდომა. ახლა პირდაპირ და გულწრფელად გეტყვით, უსმენდნენ, იცოდნენ, არ იცოდნენ, ფაქტი სახეზეა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ. „სამართლიანი არჩევნების“ მიერ წარდგენილი მონაცემების გარდა, ოპოზიციას გვაქვს სხვა ბევრი ფაქტი გაყალბებებთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ ეს ფაქტი არის ძალიან ცუდი, ძალიან საგანგაშო“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ამასთან, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა „სამართლიანი არჩევნები“ იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ორგანიზაციამ არჩევნებთან დაკავშირებული ეს ინფორმაცია უფრო ადრე არ გაასაჯაროვა.

„ვფიქრობ, მთავარი საკითხი არის ის, რომ თუ უფრო ადრე იცოდნენ, რატომ არ გაამჟღავნეს ეს ინფორმაცია აქამდე, რას გვიმალავდნენ და რას ელოდებოდნენ?! როდესაც ასეთი ტურბულენციაა ქვეყანაში, 40-დღიანი დაგვიანებით რაღაცის განხილვა, შემდგომ ამ სტრატეგიის ცვლილება და მარტივი განცხადებით შემოფარგვლა, ჩემი აზრით, ძალიან სუსტი პოზიციაა.

ნამდვილად არ მინდა, თავს დავესხა „სამართლიან არჩევნებს. ვფიქრობ რომ არასამთავრობო სექტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ჩვენ მაღალი ნდობა გვქონდა, ყოველ შემთხვევაში აქამდე, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი დისკუსია გამოიწვია საზოგადოებაში. ამ ორგანიზაციის ცალკე აღებული პოზიცია, რა თქმა უნდა, ვერ შეცვლის ოპოზიციის გეგმებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა ვერ შეძლო
შემდეგი სტატიაწულუკიანი ISFED-ზე: ლამის გადააყირავეს ქვეყანა