გიორგი ვაშაძე საგარეო ვალთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის

ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე ინიციატივით გამოდის, რომ ქვეყნის საგარეო ვალთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელმაც ვალის შემცირების მიზნით სტრატეგია უნდა შეიმუშაოს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაშაძემ განაცხადა, საგარეო ვალიდან 25 მილიარდი ლარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდშია აღებული, „ქვეყანას კი არაფერი ეტყობა 25 მილიარდი ლარის გაკეთებული“.

მისი თქმით, ქვეყანამ გადააჭარბა კრიტიკულ ზღვარს და ძალიან მალე შეიძლება, შავ სიაში შეიყვანონ, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფოს კრიტიკულ პერიოდში ვალის აღება რომ დასჭირდეს, ამას ვერ შეძლებს.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, ფაქტობრივად, ქვეყანა არის ბანკროტი და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 9 000 ლარი ვალი გვაქვს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. იმისათვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ და თავი დავიხსნათ ვალებისგან, ინიციატივით გამოვდივართ, სამუშაო ჯგუფი შევქმნათ და ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე შევიმუშაოთ სტრატეგია – როგორ შევამციროთ ვალი, როგორ გავზარდოთ ეკონომიკა, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, როგორ წავიდეთ წინ.

„ქართული ოცნების“ დეპუტაციას მივმართავ, ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებულობის გარეშე დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ ამ უმძიმესი ვალის უღელისგან, რომელიც მათ თქვენ დაადეთ. დღეს ჩვენ ქვეყანა თუ არ გადავარჩინეთ გაბანკროტებისგან, ხვალ და ზეგ შეიძლება უბრალოდ ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდეს. ეს ნიშნავს, რომ განულდება ყველაფერი, ჩვენი ქონება ფასს დაკარგავს, სამუშაო ადგილებს დავკარგავთ“, – განაცხადა ვაშაძემ

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები ფინტექ კომპანიებს
შემდეგი სტატიააბიტურიენტები, რომელებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ, გამოცდებს საგანგებოდ შედგენილი ცხრილით ჩააბარებენ