გიორგი ვაშაძე: „რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში?“

„მინდა უმრავლესობის წევრებს დავუსვა კითხვა – თქვენ, რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით? თქვენ 600 ლარით შეძლებდით თქვენი ოჯახის შენახვას?“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ვისი ხელფასიც 600 ლარამდეა, რეალურად უმუშევრად ითვლება, რადგან გაზრდილი ფასების ფონზე, აღნიშნული თანხით ცხოვრება უჭირს.

„დღეს საქართველოში 150 ათასზე მეტ ადამიანს 600 ლარზე ნაკლები აქვს ხელფასი. დღეს საქართველოში უმუშევარია 261 ათასი ადამიანი. გაზრდილი ფასების პირობებში, ფაქტობრივად, დაბალი ხელფასი უმუშევრობის ტოლფასია, რადგან ვერაფერს ყიდულობს ადამიანი. სწორედ ამიტომ არის, რომ 800 ათასი ჩვენი თანამემამულე, თქვენი მმართველობის პირობებში, ქვეყნიდან გავიდა. მე კითხვას გისვამთ – რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში? რა კანონები მიიღო პარლამენტმა იმისთვის, რომ ინვესტიციები შემოსულიყო?

მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები შექმნილიყო? ეს არის შეკითხვები, რომლებიც საზოგადოებას აქვს. უმრავლესობის წევრებს მინდა მივმართო, რომ გასცენ იმ კითხვებს პასუხი, რომლებსაც ხალხი გისვამთ. უამრავ წერილს ვიღებ და დარწმუნებული ვარ, თქვენც იღებთ წერილებს, სადაც ხალხი გწერთ, რომ გაუსაძლისია ქვეყანაში ცხოვრება, არაფერში არ ყოფნით ხელფასი, რომელიც აქვთ და 600 ლარად დასაქმებული ადამიანი ვერ ჩაითვლება რეალურ დასაქმებულად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას – რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს დაუწუნოს კეთილსინდისიერება?
შემდეგი სტატიამაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს მოქალაქეებს, ამ ხელისუფლების პირობებში, არასოდეს შეზღუდვიათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არც საქართველოში და არც საზღვარგარეთ