გიორგი ვაშაძე – მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც ახალ გარემოებებში უნდა ჩატარდეს, ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში

ჩვენ მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია, მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის, რომელიც, მნიშვნელოვანია, ახალ გარემოებებში ჩატარდეს, სწორედ ამ პაკეტით ჩავა ზურაბიშვილი ამერიკაში, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ვითარების ნორმალიზება მხოლოდ ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი.

„პრინციპში, ჩვენი მხრიდან მანდატი მივეცით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მან წარმოადგინოს საერთო პოზიცია. მზად ვართ ახალი არჩევნებისთვის და ეს არის ერთადერთი გზა ქაოსის, იმ დაპირისპირების თავიდან არიდებისა, რომელიც მოიტანა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ გარემოებებში ჩატარდეს ეს არჩევნები. საუბარია როგორც ძალოვანი უწყებების დეპოლიტიზაციასა და ერთი პარტიის წნეხისგან გათავისუფლებაზე, ასევე მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, რაზეც მკაფიო ხედვა გვაქვს. პრინციპში, ამაში შეჯერებული ვართ. სწორედ ამ პაკეტით ჩავა სალომე ზურაბიშვილი ამერიკაში. რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების თემა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. საბოლოო ჯამში, ჩვენ მასთან ერთად გამოვხატავთ მზაობას, რათა მოხდეს ვითარების ნორმალიზება, რაც შესაძლებელია მხოლოდ ახალი არჩევნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიხუთი ევროპარლამენტარი-საქართველოში გაუარესებული ვითარება რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს
შემდეგი სტატიალევან ბეჟაშვილი – ოპოზიციის შეხვედრაზე ჩამოვყალიბდით ძირითად პოლიტიკურ გზავნილებზე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს ამერიკის შეერთებულ შტატებში