გიორგი ვაშაძე – ხელს ვადებ ღარიბაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი

ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განცხადებით, საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

„ჩვენ თუ ნაბიჯი არ გადავდგით, თავისთავად არაფერი ჩამოვარდება ციდან. ირაკლი კობახიძე ისევ თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მოსამართლეებს აშანტაჟებენ. ამ ისტორიული შანსის ხელიდან გაშვება რომ მოხდეს, არც ირაკლი კობახიძეს, არც ირაკლი ღარიბაშვილს, მით უმეტეს, არც ბიძინა ივანიშვილს არავინ აპატიებს, არც საქართველოს საზოგადოება და არც ჩვენი მომავალი თაობები აპატიებენ. უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისთვის, რომ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს.

ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ უშვებს ალბათობას, რომ მათმა ანტიდასავლურმა ნაბიჯებმა ფაქტობრივად ევროკავშირი მიიყვანა იქამდე, რომ უარი მივიღოთ. ეს პოლიტიკური ჯგუფი თავს ესხმის ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, აშანტაჟებენ მოსამართლეებს, თავს ესხმიან ევროკავშირის და ამერიკის ელჩებს. უფრო მეტიც, იჭერენ კრიტიკული მედიის ხელმძღვანელებს. არც ერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ.

ხელს ვადებ ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ფიქრობენ, რომ ნაბიჯების ის კომპოზიცია, რაც ერთი თვის განმავლობაში გადადგეს, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს იმისთვის, რომ ევროკავშირმა გვითხრას უარი. შესაბამისად, ისინი არიან ანტიქართული, საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო პერსონები“,- განაცხადა ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლის კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე რა უნდა ითქვას და რა არ უნდა ითქვას და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძემ ჯერ ოპოზიციას უნდა მოუხადოს ბოდიში და შემდეგ სალომე ზურაბიშვილსაც.

„კობახიძემ ჯერ ოპოზიციას უნდა მოგვიხადოს ბოდიში, როცა მან ოპოზიციას დააბრალა კანდიდატის სტატუსის არ მოცემასთან დაკავშირებით აგიტაცია, არანაირი მტკიცებულება არ მოუტანია. ასეთი ბოდიშები ბევრი დაუგროვდება. დადგება დრო, რომ კობახიძე საჯაროდ ბოდიშს მეც მომიხდის და პრეზიდენტსაც მოუხდის. ასეთი ადამიანები საქართველოს ისტორიას უნახავს პოლიტიკური ასპარეზიდან ისე გამქრალნი, რომ არავის გაუგია მათ შესახებ. ოღონდ, ვიდრე კობახიძე გაქრება, ბევრი ბოდიშის მოხდა მოუწევს“,- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი იაირ ლაპიდთან შეხვედრის შესახებ – კვლავ ვადასტურებთ ჩვენი სამაგალითო და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების იდეისადმი ერთგულებას
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა