გიორგი ვაშაძე-ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესაცვლელად,

მთავარი ის კი არ არის, მე რა მინდა, რომელიმე პარტიას რა უნდა, მთავარია, რა უნდა ხალხს. აქედან უნდა ამოვიდეთ და ამ ამოსავალი წერტილიდან გავაკეთოთ ყველაფერი-ამის შესახებ პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციური პარტიების ერთიანი სიის თემაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, პროცესები აჩვენებს,თუ რა იქნება საჭირო. ვაშაძემ ყველა მხარეს რადიალური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესაცვლელად, რომელსაც მივყავართ რუსეთისკენ, პირდაპირ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, ყველა წინადადება უნდა განვიხილოთ. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, შეიკავეთ თავი რადიალური განცხადებებისგან. აგერ არის პირველი ეტაპი, მაჟორიტარების თანამშროლობა. პროცესი გვიჩვენებს, რა არის საჭირო. ყველა წინადადებას აქვს საკუთარი შინაარსი და დასაბუთება. მთავარი ის კი არ არის, მე რა მინდა, რომელიმე პარტიას რა უნდა, მთავარია, რა უნდა ხალხს. აქედან უნდა ამოვიდეთ და ამ ამოსავალი წერტილიდან გავაკეთოთ ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისი თქმით, გასაგებია იმ პარტიების პოზიცია, რომლებიც გაერთიანების წინააღმდეგნი არიან, თუმცა, მნიშვნელოვანია იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც სწორი იქნება.

„გასაგებია, რომ ამბობენ, არ გავერთიანდებით. სხვა საკითხებზეც მერე გავერთიანდით. მაგალითად, პარტიები, რომლებიც ამბობდნენ, რომ მშვიდობიან პროტესტში არ მიიღებდნენ მონაწილეობას, მერე მაინც მოვიდნენ და მიიღეს მონაწილეობა მშვიდობიან პროტესტში. ამან მოიტანა 8 მარტის გამარჯვება. ეს პროცესია, ხალხო, ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ნუ გადავუსწრებთ მოვლენებს, შევხედოთ, დავაკვირდეთ და დარწმუნებული ვარ, საღი აზრი გაიმარჯვებს. რაც სწორი და უკეთესია, ის გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, ხალხისთვის და ქვეყნისთვის“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება არჩევნების თარიღის შესაძლო გადაწევას, გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არჩევნების გადადების საფუძველს ვერ ხედავს.

„პირველი, ეს არის სპეკულირება ადამიანების ჯანმრთელობით, ეს არის ბინძური საქმე, რასაც ისინი ეწევიან. შემუშავებული აქვთ გეგმა „ბ“ იმისთვის, რომ თუ მძიმე ვითარება ექნათ ოქტომბერში, რაღაც მანიპულაციები ჩაატარონ. დღეს მე არჩევნების გადავადების ვერანაირ საფუძველს ვერ ვხედავ. არჩევნები უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს. ჩვენთვის, უპირველეს ყოვლისა, არის ადამიანების ჯანმრთელობა, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური კოლაფსი, რომელშიც არის დღეს ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი რურუა: რუსეთის ხელისუფლებაც ამავე მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს
შემდეგი სტატია15-24 ივნისს საქართველოში რეგიონში პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება