“ყველაფერი მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს და არც მათი პრობლემები.” – ასე აფასებს “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძისა პასუხებს.
როგორც ოპოზიციონერი ლიდერი აღნიშნავს, ქვეყნისა და ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კობახიძეს პასუხები არ გააჩნია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი მთლიანად მოწყვეტილია რეალურ ვითარებას.
ვაშაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ქვეყანა სამუშაო ადგილების სწრაფი ტემპით შექმნითა და ჯანსაღი ეკონომიკით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს:
“დღეს საქართველოში N1 პრობლემა არის უმუშევრობა და კიდევ ერთხელ უმუშევრობა, შესაბამისად, კობახიძეს კითხვას ვუსვამთ, როგორ აპირებს ის სამუშაო ადგილების შექმნას და რის გაკეთებას აპირებს, ის კი გვპასუხობს, რომ მისთვის დღევანდელი მდგომარეობა მისაღებია და არაფრის შეცვლას არ აპირებს.
ჩვენ ვუსვამთ კითხვას, რომ ელიტა ზემდიდარია, ხალხი უკიდურესად გაჭირვებული, ის კი ამბობს, რომ არა – ეს ყველაფერი თურმე დოვლათის თანაბარი განაწილება ყოფილა ქვეყანაში. ჩვენ ვუსვამთ კითხვას, რომ ეკონომიკა ხომ ადამიანებისთვისაა და ადამიანია საზომი, არა – ის გვეუბნება, რომ ეკონომიკა არის ციფრები და მათემატიკა.
ჩვენ ვუსვამთ კითხვას, რატომ უნდა პრემიერ-მინისტრობა, ის კი ამ კითხვაზე არ გვპასუხობს. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ირაკლი კობახიძე, ისევე როგორც ივანიშვილის პარტია, სრულიად მოწყვეტილია რეალობას, მას არც ხალხი აღელვებს და არც მათი პრობლემები, ერთადერთი, რაც მას უნდა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაა. ამიტომ, ივანიშვილის პარტია არაფრის შემცვლელი ამ ქვეყანაში არ არის.
არც უმუშევრობის დასამარცხებლად იბრძოლებს, არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და არც იმ გაჭირვების გადასალახად, რომელიც დღეს ქვეყანაშია და ასობით ათასი ადამიანი გაურბის სხვა ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, გავიმარჯვოთ, რომ შევქმნათ, ძლიერი, ეკონომიკურად ჯანსაღი, ადამიანებსა და მათ დასაქმებაზე ორიენტირებული საქართველო, რომელიც დაჩქარებული წესით გახდება ევროკავშირის წევრი.” – განაცხადა ვაშაძემ