გიორგი ვაშაძე: დიდი ნაბიჯი გადავდგით იმისთვის რომ ქვეყანა დავიხსნათ მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან

პარლამენტის წევრის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ მომზადებულ შეთანხმების ტექსტში აღიარებულია, რომ საქართველოში არის ცუდი საარჩევნო სისტემა და მიკერძოებული მართლმსაჯულება. აღნიშნულის შესახებ განცხადება გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, რომელსაც X მოწვევის პარლამენტში, ოპოზიციის სხვა დეპუტატებთან ერთად, დღეს პირველად დაესწრო.

„საკმაოდ რთული დღეა დღეს იმიტომ, რომ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი შემდეგ გადავდგით ნაბიჯი ამ კრიზისის მოგვარებისკენ, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ დღეს კრიზისი მოგვარებული არ არის, დღეს უბრალოდ დიდი ნაბიჯი გადავდგით რათა ქვეყანა მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან დავიხსნათ.

ჩვენ გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც არის დასათაურებული, „საქართველოს ევროპული გზა“, საქართველოს განვითარების გზა და ეს შეთანხმება არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის უშუალო შექმნილი შეთანხმება. შარლ მიშელის შეთანხმებაში აღიარებულია, რომ საქართველოში არის პოლიტიკური პატიმრები და ჩვენ შევთანხმდით როგორ უნდა გავათავისუფლოთ კონკრეტულად ორი პოლიტიკური პატიმარი პასუხისმგებლობისგან. შარლ მიშელის დოკუმენტში აღიარებულია, რომ საქართველოში არის ძალიან ცუდი საარჩევნო სისტემა, რომელიც არ უზრუნველყოფს სანდო არჩვნების ჩატარებას და ჩვენ შევთანხმდით თუ როგორ უნდა გავასწოროთ ეს საარჩვენო სისტემა. დოკუმენტით აღიარებულია, რომ საქართველოში არის მიკერძოებული მართლმსაჯულების სისტემა და არის კონკრეტული მექანიზმები, რაზეც ჩვენ შევთანხმდით როგორ უნდა გავასწოროთ მართლმსაჯულების სისტემა.

შარლ მიშელის დოკუმენტით ერთხელ და სამუდამოდ შევთანხმდით, რომ საქართველოში იქნება მხოლოდ პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, რაც არის 20 ივნისის პროტესტის შედეგის საბოლოო იმპლემენტაცია ამ პარლამენტის მიერ. დოკუმენტით ასევე აღიარებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აქვს დიდი ლეგიტიმაციის პრობლემა და 2021 წელს ჩვენ შევთანხმდით, რომ ფაქტობრივად რეფერენდუმის გზით, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად გაიმართება, ქართველი ხალხი გადაწყვეტს რეალურად ვის ანდობს და რამდენად ენდობა 2020 წლის შედეგებს.

ამ შეთანხმებას ზოგიერთ საკუთარ მარცხად აღუქვამს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ის მომენტია და ის შემთხვევაა, როცა ეს შეთანხმება არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი, როგორც ქართულ პოლიტიკაში, ასევე საქართველოს განვითარებაში როცა თითოეულ საქართველოს პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინო სხვას, ყოველთვის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ, შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხმება ეს არის ევროპული კულტურა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე: ყველაზე მთავარი – ადამიანი იქნა დავიწყებული, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტი და მთავრობა
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: მტრობის და დაპირისპირების, კუნთების ჩვენების გარეშე შევთანხმდეთ ყველაზე მთავარ პირველ ნაბიჯზე, რასაც ეხება ამნისტიის კანონი