გიორგი ვაშაძე – აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს და მის მოქალაქეებს

მართლაც უპრეცედენტოა ჩვენი მეგობრების მხარდაჭერა ევროპიდან და აშშ-დან, ამას მიუთითებს ევროსაბჭოს მინისტერიალში და ამერიკის სენატში გუშინდელი მოსმენები საქართველოს საკითხზე, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამერიკის სენატი, ამერიკის მთავრობა მხარს უჭერს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, არამედ საქართველოს და მის მოქალაქეებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებაში.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, მნიშვნელოვანია მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის.

„ვერ ვხვდები რა უხარია „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ გვქონია მსგავსი ნეგატიური გზავნილები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორები საუბრობდნენ, თუ დემოკრატიამ არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს ევროატლანტიკური წევრობის შანსს. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულების სისტემასა და პოლიტიკაზე და მელიას დაჭერა უკან გადადგმული ნაბიჯია დემოკრატიისთვის. მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრების მითითება იმის შესახებ, რომ ლეგიტიმურობის ზღვარზე ჩატარებული არჩევნების პრაქტიკა მიუღებელია დემოკრატიული სამყაროსთვის და ოპოზიციური პარტიის ლიდერები ციხეში არ უნდა ისხდნენ. მთავარი გზავნილია, რომ მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ აკისრია განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ქვეყანა გამოიყვანოს პოლიტიკური კრიზისიდან, რადგან ეს კრიზისი აზიანებს სახელმწიფოს, ხალხს და ემსახურება რუსეთის ინტერესებს. ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მაღალი ინტერესი და ჩართულობა ნაკარნახევია არა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით, როგორც ხელისუფლება ცდილობს რომ გაასაღოს, არამედ საქართველოს წარმატებისა და დახმარების სურვილით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიწერეთელი სენატორებზე – აღინიშნა, რომ ყველაფერზე მთავარი პასუხისმგებელი არის ხელისუფლება
შემდეგი სტატიაწულუკიანმა კულტურის კოდექსის შექმნა დააანონსა