გიორგი ვაშაძე – არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა!

დღეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – კანონის გაწვევა და პასუხი აგონ იმ სამართალდამცავებმა, რომლებმაც უკანონო ქმედება ჩაიდინა მომიტინგეთა წინააღმდეგ, ვინც მოროდიორივით იქცეოდა, – ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ევროპული პარადიგმის“ ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, მმართველმა პარტიამ კანონპროექტის დაინიცირებითა და წამოწევით ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადადგა, რომლის მთავარი მიზანი, მისივე შეფასებით, ქვეყნის დასავლური სამყაროსგან იზოლირებაა.

„ვიქნებით წინა პლანზე ყველგან, სადაც ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა იქნება საჭირო. მივიტანთ ახალგაზრდებისა და ქართველი ერის სათქმელს კომიტეტზე. ეს ჩვენი ვალდებულებაა. გავუმაგრებთ ზურგს ახალგაზრდებს, რომელსაც ყველაზე დიდი ევროკავშირის დროშა უჭირავთ. დღეს არის ძალიან კონკრეტული მოთხოვნები – კანონის გაწვევა და პასუხისგება იმ სამართალდამცავებისა, რომლებმაც უკანონო ქმედებები ჩაიდინეს მომიტინგეთა წინააღმდეგ, ვინც მაროდიორივით იქცეოდა და თქვენ ნახეთ მხდალი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პარლამენტში იყო მოსული და ლაპარაკის მოსმენაც კი არ შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ და ყველაფერი, რაც ევროკავშირისკენ საქართველოს სვლას დაეხმარება ვუგულშემატკივრებთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა უნდა, რომ არ ამბობდეს – „ეს კანონი და ევროკავშირი შეუთავსებელია ერთმანეთთან“. ამის წინააღმდეგ არიან მარტო ივანიშვილი, კობახიძე, მდინარაძე, დუგინი, ლავროვი და პუტინი, ეს საუკეთესო ექვსეული. დანარჩენი სამყარო ქართველი ხალხის გვერდით არის. ყველამ გავიაზრეთ, თუ რა პროცესში ვართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი ცვლილებებით დასრულდება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას დააჩქარებს. ივანიშვილი ხვდებოდა რომ ეს არჩევნები წაგებული ჰქონდა, ცვლილებები უნდოდა ხალს, გადაწყვიტა, რომ ამ კანონის წამოწევით ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადადგას და ქვეყანა დასავლური სამყაროსგან იზოლაციაში მოაქციოს. შესაძლოა, კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლაც დავკარგოთ. ამისთვის, თუ რუსეთის მხარდაჭერა დასჭირდება უარს არ იტყვის. ეს არის სცენარი, რომელიც მან საკუთარი თავისთვის შექმნა. ივანიშვილმა რუსეთში კი დიდი ფული გააკეთა მაგრამ, რუსეთს აქ ვერ გადმოიტანს. 11 რუსული მუხლი დაწერეს ამ ადამიანებმა, რომლის მიზანია საქართველო ააცდინოს ევროინტეგრაციის გზას. პუტინის არგუმენტაცია და მდინარაძე-კობახიძის არგუმენტაცია ერთი ხელითაა დაწერილი. გახრწნილობის სიმბოლო დღეს საქართველოში არის ღარიბაშვილი, სიტყვა გამჭვირვალობას როგორ ახსნებს, ეს თაღლითი კორუმპირებული“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გარდა, ასევე სუს-ის 2023 წლის ანგარიშსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საბჭოთა წარსულს ჩაბარდება.

„სუს-ის ანგარიშის მიხედვით, მათთვის პრიორიტეტი არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა, ადამიანების დაშინება, დატერორება, ძალადობრივი ჯგუფების შექმნა, რომლებიც თავს ესხმიან ქუჩაში ადამიანებს, ამიტომ სად სუს-ი და სად საქართველოს ეროვნული ინტერესები. სუს-ი არის ბიძინას ეროვნული ინტერესი, ბიძინას ხრწნის ინტერესი, მეტი არაფერია სუს-ი. მერწმუნეთ, როგორც კი დიდი ცვლილებები იქნება, სუს-ი ჩაბარდება საბჭოთა წარსულს, აღარ იარსებებს ასეთი ორგანიზაცია ამ ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიკარა-მურზა: ვნახეთ სად მიიყვანა კანონმა რუსეთი, არ მინდა, საქართველოშიც იგივე განმეორდეს
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი – „ოფშორების კანონით“ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ქვეყანა ბიძინა ივანიშვილისა და კრემლის დაკვეთით „შავი“, კრიმინალური ფულის სამრეცხაოდ გადააქციოს