25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

გიორგი ვაშაძე: ALDE წინააღმდეგია, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის სრულად შეჩერებას და მხარს მხოლოდ მიზნობრივ ნაბიჯებს უჭერს.

ვენაში მიმდინარე ყრილობაზე ვაშაძემ აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად აქტიურად განიხილება ქმედითი ნაბიჯები, რათა ქვეყანამ არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა შეძლოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერი კოლეგების, ელენე ხოშტარიასა და პაატა მანჯგალაძის პატიმრობაში ყოფნის ფაქტზე.

„გასულ წელს, იმის ნაცვლად, რომ აქ ვყოფილიყავით მე და ზურა [ჯაფარიძე] მაგალითად, ჩვენი აუდიო გზავნილი იყო ციხიდან გამოგზავნილი. დღეს ელენე ხოშტარია, რომელიც ასევე ALDE-ს ოჯახის წევრი პარტიის თავმჯდომარეა, ციხეშია და ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს, პაატა მანჯგალაძე, ჩვენი პარტიის გენერალური მდივანი არის საპატიმროში, ეს ყველამ იცის. ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ საქართველომ დააღწიოს ამ უბედურებას თავი. რეზოლუციაში შეტანილია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ALDE ეწინააღმდეგება, რომ უვიზო მიმოსვლა გაჩერდეს მთლიანად საქართველოს მოქალაქეებისთვის და თუ რამე უნდა იყოს, უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივი ნაბიჯები გადადგმული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ALDE-მ, სიდიდით მეორე ოჯახმა, ჩვენი მუშაობის შედეგად, მკაფიოდ ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ წინააღმდეგია, რომ შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა ვაშაძემ „ტვ პირველთან“.

banner
წინა სტატიაშისამინისტრო: პირველ კლასში ინგლისურის სწავლება უქმდება, თუმცა საათები მე-10 კლასში იზრდება
შემდეგი სტატიაუკრაინულმა დრონებმა ყირიმში ორ რუსულ ავიაბაზას დაარტყეს — განადგურებულია სულ მცირე 7 თვითმფრინავი