24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან ავტომობილები, რომლებიც მსვლელობას მოაწყობენ ქალაქის მასშტაბით, რათა კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მან გმირთა მოედანზე შეკრებილებსა და საზოგადოებას 24-25 ნოემბრის გეგმები გააცნო.
ამასთან, ვაშაძემ საზოგადოებას მოუწოდა, ორშაბათს შვებულება აიღონ და ეს დღე საქართველოს მიუძღვნან.
„მინდა, გაგაცნოთ პუნქტობრივად პროდასავლური ოპოზიციის საერთო განცხადება 24 და 25 ნოემბრის დღეებთან დაკავშირებით. ხვალ, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკის მოედანზე. პარალელურად, ჩვენ შემოგვიერთდება რეგიონებიდან მსვლელობები, რომელიც ემზადება და დაგეგმილია. შეკრების შემდეგ მსვლელობით გავემართებით პარლამენტისკენ, სადაც ვაპირებთ, დავრჩეთ ხვალინდელი ღამე. პარალელურად, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ავტომობილები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულები შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, შემდეგ მსვლელობას მოაწყობენ თბილისის მასშტაბით, რათა ამ მანქანების მსვლელობით კიდევ ერთხელ გამოვაფხიზლოთ თბილისი და მოვუწოდოთ ყველას, რომ მოვიდნენ რუსთაველზე. ვათენებთ ღამეს. გვინდა, თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“ გამოვუცხადოთ, თუ ისინი ხვალ მაინც გადაწყვეტენ თავყრილობას, ეს იქნება თვითგამოცხადებული ადამიანების შეკრება, არაფერი საერთო ამას არ ექნება არც საქართველოსთან, არც კონსტიტუციასთან და არც პარლამენტთან მათი მხრიდან.
მინდა, ვთხოვო ყველა პატრიოტ ქართველს, ძალიან გთხოვთ, ორშაბათი დღე დაეთხოვეთ სამსახურიდან, გამოაცხადეთ თქვენთვის უქმე დღედ, აიღეთ შვებულება ეს ერთი დღე და მიუძღვენით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს. დაბოლოს, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რას იზამს ევროპა, ამერიკა. დადგა დრო დავსვათ კითხვა, რისთვის ვართ მზად ჩვენ, რას ვიზამთ ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის, ძალა ერთობაშია, აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.