28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

გიორგი ტუმასიანი: დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განცხადებების საფუძველზე არ არსებობს

პარტია „ჯერ საქართველოს“ მრჩეველმა გიორგი ტუმასიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებზე, „ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკულ დეკლარაციაზე ისაუბრა.

ტუმასიანის განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ სექტორზე მიტანილი სერიოზული დარტყმების ფონზე, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინას უკვე სტრატეგიული უპირატესობა გააჩნია, რაც მმართველი პარტიის მდგომარეობას ართულებს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ შექმნილი რეალობის გამო საკუთარი ლოგიკის შეცვლასა და ტრანსფორმაციას შეეცდება, რის საშუალებაც მას დასავლეთმა და ქართველმა ხალხმა არ უნდა მისცეს.

პოლიტიკოსმა მკაცრად გააკრიტიკა ხელისუფლების რიტორიკა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით:

„ვინ არის უსაფრთხოების გარანტი? არ ამბობენ ჯარს, არ ამბობენ ეკონომიკას, არ ამბობენ ბუნკერების სისტემას, არ ამბობენ მაღალ ტექნოლოგიებს! ამბობენ, ბიძინა ივანიშვილს — რას ნიშნავს, რომ ერთი ადამიანია უსაფრთხოების გარანტი — მტერი რომ შემოიჭრას ფრონტზე პირველი წავა თუ რანაირად აპირებს რუსული ტანკების შეჩერებას? — კეთილი ნებით?!“

ტუმასიანი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა მრავალვექტორული არ არის. მისი თქმით, ნამდვილი მრავალვექტორული პოლიტიკის მაგალითია სომხეთი, რომელიც წარმატებით აბალანსებს ურთიერთობებს: აქვს მჭიდრო თანამშრომლობა და გაწევრიანების კანონი ევროკავშირთან, გახსნილი ბაზარი და სიღრმისეული სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან.

საქართველოს შემთხვევაში კი, ტუმასიანის შეფასებით, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობა დაინგრა, ევროკავშირთან კავშირი მტრობაში გადაიზარდა, ხოლო ქვეყნის ღიად პროდასავლური ვექტორი პროჩინური, პროირანული და პრორუსული ორიენტაციით ჩანაცვლდა. მისი თქმით, „ოცნება“ უარს ამბობს ქართველი ხალხის ცივილიზაციურ არჩევანზე და სტრატეგიულ პარტნიორობას იმ ქვეყნებთან ეძებს, რომელთაგან თავდაცვასაც საქართველოს ისტორია და გაქრისტიანება მოწმობს.

„ჯერ საქართველოს“ მრჩეველმა შეაფასა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული კრიტიკული დეკლარაციაც. მისი განმარტებით, რეზოლუცია სრულად ასახავს ქართველი ხალხის პროტესტს, მისი ფუნდამენტური მოთხოვნა კი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და უკანონო კანონების გაუქმებაა.

ტუმასიანის თქმით, მმართველი გუნდის რეაქცია რეზოლუციაზე არის პირდაპირი განაცხადი იმისა, რომ საქართველო ეუთო/ოდირთან თანამშრომლობას აღარ აპირებს, რაც ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისა და „საბჭოთა საქართველოს მოდელისკენ“ მიაქანებს. მისი დასკვნით, ეუთო/ოდირთან პარტნიორობის შეწყვეტა სამომავლო არჩევნების ლეგიტიმურობას სერიოზულად დააყენებს ეჭვქვეშ.

banner
წინა სტატიაშიPOG: ზუგდიდის სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ორ პირს 19 და 23 წლით პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”: ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც სათანადო სამართლებრივი პასუხი სჭირდება