გიორგი წერეთელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიორგი წერეთელი კოპენჰაგენში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომას დაესწრო და კომიტეტის წევრებს სიტყვით მიმართა.

როგორც ,,თაიმერს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, გიორგი წერეთელი ეუთოს და ევროპის საბჭოს იმ ისტორიულ როლს შეეხო, რაც აღნიშნულმა ინსტიტუტებმა ევროპის ტრანსფორმაციის პროცესში შეასრულეს. მან საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების და დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. კერძოდ, წერეთელმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, როგორიცაა პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის ზრდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მოსაზრებით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს რადიკალიზმის, ტერორიზმის, კიბერშეტევების, მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს.

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამ გამოწვევების მოსაგვარებლად ეუთოს სრულად აღჭურვის უზრუნველყოფა, ჰელსინკის საბოლოო აქტის პრინციპების დაცვა და კონფლიქტების მოგვარების საკითხში საპარლამენტო როლის გაძლიერება იქნება“, – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა უკრაინის კრიზისზე, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნულ ზონებში, დღესაც ტრაგიკულად იღუპებიან ადამიანები და საპარლამენტო ასამბლეების მთავარი ფოკუსი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იყოს მიმართული.

გიორგი წერეთელის გამოსვლის შემდეგ მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა.
კოპენჰაგენში ვიზიტის ფარგლებში, გიორგი წერეთელი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, სტელა კირაიკიდს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის ფორმატებზე და საპარლამენტო ასამბლეების ცალკეულ სტრუქტურებს შორის კიდევ უფრო დაახლოების საკითხებზე იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიევა გოცირიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად არის წარდგენილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მადლობა გადაუხადა