გიორგი წერეთელი – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საინტერესო დისკუსიებით წარიმართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, ასამბლეის პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი (გიგი) წერეთელის შეფასებით, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, საინტერესო დისკუსიებით წარიმართა.

მისი განცხადებით, ასამბლეის მონაწილეებმა უსაფრთხოების, ტერორიზმის და მიგრაციის თემებზე მსჯელობა გამართეს. ეს საკითხები, კი ბუნებრივია, საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ვერ ვრცელდება საერთაშორისო სამართლის ნორმები, ყოველთვის მაღალია ტერორიზმის და სხვადასხვა დანაშაულის საფრთხე.

„ჩემს საპრეზიდენტო გამოსვლაში აღვნიშნე, რომ უკრაინაში და მანამდე ჯერ კიდევ საქართველოში, სადაც განვითარებულ მოვლენებს არ მოჰყვა იმგვარი რეაქცია როგორც შემდგომში უკრაინას, იყო საერთაშორისო სამართლის და ჰელსინკის ძირითადი პრინციპების დარღვევა, რასაც შესაბამისი შედეგები მოჰყვა. ეს შედეგები დღეს აისახება იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე. მიმაჩნია, რომ ამ თემების წინ წამოწევა და საერთაშორისო ფორუმებზე მათი დღის წესრიგში ჩასმა უფრო აქტიურად უნდა ხდებოდეს. საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, აღნიშნული საკითხების მნიშვნელობაზე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ როგორც ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე საკომიტეტო გამოსვლებზე სათანადო აქცენტები დასვა“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

გიორგი წერეთელმა მონტენეგროს და მაროკოს პარლამენტის თავმჯდომარეებთან, რუმინეთის ვიცე-პრემიერთან, ეუთოს ინსტიტუტების ოფისის ხელმძღვანელებთან, ბალტიის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ისრაელის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციებთან შეხვედრები გამართა.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მუდმივმოქმედი და ძირითადი კომიტეტების სხდომებზე, ანტიტერორისტული ქვეკომიტეტზე და მიგრაციის საკითხზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და მათ მუშაობას წარუძღვა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას, ავსტრიის დედაქალაქი, 22-23 თებერვალს მასპინძლობდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულმა ცხონვალმა სუს-ს ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე უარი უთხრა
შემდეგი სტატიათავისუფალი საქართველო ობიექტებზე უცხოურ წარწერებს აპროტესტებს