რატომ უნდა გვაშინებდეს ეკლესიის მამათავარი ”მარადიული სატანჯველით” , ”სიკვდილით”, როდესაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ძირითადი შეტყობინებაა სიკვდილზე გამარჯვებაა

მკურნალო, განიკურნე თავი შენი
(ლკ.4, 23)

ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ 2019 წლის სააღდგომო ეპისტოლეში აღდგომის მნიშვნელობის განმარეტბას ძალიან მცირე ადგილი უჭირავს და ძირითადი ყურადღება იმ საკითხებზე გადატანილი, რომელიც საპატრიარქოს ადმინისტრაციულ ნაწილს აწუხებს.

რატომ უნდა გვაშინებდეს ეკლესიის მამათავარი ”მარადიული სატანჯველით” , ”სიკვდილით”, როდესაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ძირითადი შეტყობინებაა სიკვდილზე გამარჯვებაა: ,,სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი; სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?!“.

,,სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მითუმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო”. გვაფრთხილებს მწყემსთავარი, თუმცა, მიზეზი, რის გამოც ვინმე ჯერ კიდევ ურწმუნოა, ისევ იერარქიაშია: ”ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაჲთა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა”(მთ. 5, 16).

თუმცა, მე ამ საყვედურში ”შემოქმედის” ადგილზე თვით ”მწყემსთავარი” ჩავსვი და ყველაფერი თავისით დალაგდა.

”ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, _ სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა ,,ცოდვა“, ,,განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც ,,თავმდაბლობა“ ან ,,სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული”.

არ ვიცი მისი მრჩეველი ვინ იყო ანთროპოლოგიის საკითხებში, მარგამ არ ცოდნია, რომ განღმრთობის პროცესში მთელი ადამიანი მონაწილეობს სულიც და სხეულიც ( რათქმაუნდა ხუთივე გრძნობით). თუ ეს არ სჯერათ, მაშინ უარყონ წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, წმინდა სვიმეონს ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა გრიგოლ პალამა და სხვები.

”დღეს, როდესაც მსოფლიოში ათეისტური ტალღა გაძლიერდა და მისი გავლენა ჩვენს ქვეყანაშიც იგრძნობა, თვალნათელი გახდა, როგორ დეგრადირდება ადამიანი უფლის გარეშე, როგორ ადვილად გადაგვარებადია იგი, როგორი უგუნური და თვითგანადგურებისაკენ მიდრეკილი ხდება ის”.

თქვენო უწმინდესობავ, გავიწყდებათ რამდენი მართლაც დეგრადირებული ( თქვენ მიერ) მორწმუნე თუ მორწემუნეთა ჯგუფია, რომელსაც არანაირი ბმა ნამდვილ ქრისტიანობასთაან არ აქვთ და მიუხედავდ ამისა, თქვენი კეთილგანწყობით მუდმივად სარგებლობენ?

ათეისტები თვითონ მოაგვარებენ თავის პრობლემებს, მაგრამ ჩვენ დავფიქრდეთ, ათეისტების რიცხვი, ყოფილი და იერარქიის მიერ დაბრკოლებული მორწმუნეთა რიგებიდან ხომ არ ივსება?

”ახლა კი, შეიძლება ითქვას, გამოცხადებულია სრული თავისუფლება როგორც მორწმუნეთა, ისე ურწმუნოთა მიმართ, მაგრამ ამ სივრცეში მკვეთრად იგრძნობა ღვთის უარმყოფელთა სითამამე; ისინი სრული თავაშვებულების პროპაგანდას აქტიურად ეწევიან ყველა საშუალებით და ცდილობენ, ეს ქმედება სიმართლისა და სიკეთის სახელს დაუკავშირონ, რათა თავისი გაუკუღმართებული შემოთავაზებანი ხალხისთვის მისაღები გახადონ.

საერთოდ, ცოდვა როგორც მადლი, გადამდებია და ამის ნაყოფს უკვე ვიმკით საზოგადოების ყველა ფენაში”.

ჩვენც ვიცით, რომ ამ სიტყვების უკან ბრაზი და წყენა დგას, რომელიც თქვენი და სპატრიარქოს რეიტინგის კკლებისგანაა გამოწვეული. რეიტინგის მზარდი ვარდნა ჯანსაღი კრიტიკის შედეგია და ამაში დასაზრახს ვერაფერს ვხედავთ – თქვენ ყოველთვის გვასწავლიდით, რომ ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება გვესწავლა. როგორც ჩანს, ცოტა ვისწავლეთ.

სამწუხაროა, რომ მთავარ ამბიონზე ისევ ავიწყდებათ ( უკვე მერამდენედ) მაცხოვრის უძვირფასესი სიტყვები: ”ხოლო თქუენ წარვედით და ისწავეთ, რაჲ არს: წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი”(მთ. 9, 13).

თეოლოგი
ზვიად ცაბაძე

banner
წინა სტატიაში“ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი შეიძლება საკუთარ თავზე გამარჯვება და უკეთესი მომავლისთვის ზრუნვა”
შემდეგი სტატიაზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე ავტონაწილების მაღაზია გაქურდეს