გიორგი ტყემალაძე: “წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ოპოზიცია მისთვის ჩვეულ მავნებლურ კამპანიას აწარმოებს“

„ბოლო დღეების განმავლობაში ოპოზიციამ ატეხა მავნებლური აჟიოტაჟი და ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას“-ეს განცხადება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მერიის მიერ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტის კომენტირებისას გააკეთა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ოპოზიცია მოსახლეობის დეზინფორმირებას ცდილობს, სინამდვილეში კი წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში, იანვრის ბოლოს დასრულდება. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ახალ კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა და იანვრის ბოლოს იქ სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგება.
„წერეთლის გამზირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. სულ მალე ჩვენ გვექნება რეაბილიტირებული და სატრანსპორტო რეფორმის შესაბამისად დაგეგმარებული გამზირი, სრულად განახლებული მიწისქვეშა კომუნიკაციებით. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი თანამოქალაქეებისა და ჩვენი ქალაქისთვის. ამ დროს კი ოპოზიცია აწარმოებს მისთვის ჩვეულ მავნებლურ კამპანიას და ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, რაც არასწორია. ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი იწვევს მოსახლეობის დისკომფორტს, მაგრამ ადამიანები ამას გაგებით ეკიდებიან“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მას შემდეგ, რაც კახი კალაძე არის ქალაქის მერი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიორგი ტყემალაძის თქმით, დედაქალაქის მერია, 2017 წლიდან, ახორციელებს იმ გამზირების რეაბილიტაციას, სადაც სამუშაოები ათეულობით წლებია არ ჩატარებულა. მისივე თქმით, ასეთი პროექტების განხორციელება ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წერეთლის გამზირზე სამუშაოები მოცემულ ვადებში დასრულდება და იანვრის ბოლოს საგზაო მოძრაობა ორმხრივად აღდგება“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Mærsk-ის ხელმძღვანელს შეხვდა
შემდეგი სტატიაPolitico: უნგრეთის პრემიერმა, ვიქტო ორბანმა მიაწოდა სიგნალი ევროკავშირს, რომ მზადაა უარი თქვას უკრაინის დაფინანსებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე