გიორგი ტყემალაძე: „თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას აგრძელებს”

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერის მოადგილეებთან ერთად, სოციალური ქსელის საშუალებით, საზოგადოებას მერიისა და საკრებულოს მიერ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები გააცნეს. გიორგი ტყემალაძის თქმით, თბილისის საკრებულომ, კერძო სექტორთან ერთად, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახების დახმარების კამპანია დაიწყო, რომელსაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ფიზიკური პირებიც შეუერთდნენ. მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში, საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები 1300 -მდე ოჯახს გადაეცა. გარდა ამისა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობის წევრები „ქართული ოცნების“ ინიციატივას შეუერთდნენ და მათი შრომითი ანაზღაურებიდან 1/3-ს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 3 თვის განმავლობაში გადარიცხავენ.
„თბილისის საკრებულო სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანიას აგრძელებს. ამ მძიმე ვითარებისას ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ დიპლომატიური კორპუსის და კერძო კომპანიების წარმომადგენლები და სწორედ მათი მხარდაჭერით ჩვენ უკვე 1300-მდე ოჯახს დავეხმარეთ. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. კამპანია კვლავ გაგრძელდება და ჩვენ მივალთ ყველა იმ ოჯახში, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სფეროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც ასეთ მძიმე დროს ქვეყნისა და მოქალაქეების კეთილდღეობისთვის თავდაუზოგავად შრომობენ.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე: პიკის მომენტში ქვეყანაში ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა არ იქნება დადასტურებული
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: ჩვენ მასობრივად არ დაგვიწყია აგრესიული ტესტირება, მაგრამ ვტესტავთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება