გიორგი ტიგინაშვილი: გაწიწმატებულ და ეგზალტირებულ “ეროვნულებში” ბევრი ფარული რუსეთუმეა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 10:42

გიორგი ტიგინაშვილი: გაწიწმატებულ და ეგზალტირებულ “ეროვნულებში”  ბევრი ფარული რუსეთუმეა

მნიშვნელოვანი

  • გაწიწმატებულ და ეგზალტირებულ "ეროვნულებში", ბევრი ფარული რუსეთუმეა, რომელსაც სიყრმის ნოსტალგია და "თანდაყოლილი პრივილეგიების" მონატრება სტანჯავს!

სხვა სტატიები

ეკლესია, რომ თავის თავში მხოლოდ ადამიანთა ცხონების წიაღი და სულთა გათავისუფლებისა და ხსნის ხომალდია, ბევრ ქართველ პატრიოტსა და კონსერვატორს ეს ბოლომდე არ ესმის. ჩვენს სინამდვილეში, ძირითადად პოლიტიკური მართლმადიდებლობის იდეა იზიდავთ ადამიანებს, სადაც “უსაფრთხოების ფლაგმანი, ჰედონიზმის მტერი და ლიბერალების მძლეველი” – ბირთვული რუსეთია! სადაც ხსნის იარაღი არა ჯვარი, არამედ ურანია! სადაც რწმენის (რომელიც ძალზე პირადული, შინაგანი, უნიკალური და ფაქიზია) იდეოლოგიზება ხდება, სადაც მასებისა და კოლექტივების ერთ ყალიბსა და დაშტამპულ კლიშეებში მოქცევა ხდება. ასეთი დროს (როცა ემყარები დუგინი-სალავიოვი-შევჩენკოს ტრაქტატებს) შენს წარმოდგენაში სავსებით იგნორირებულია სულიერი ცხოვრების ინდივიდუალური გამოცდილება და პიროვნების ცნება.

როგორც წესი, თანამედროვე ქართული “კონსერვატიზმი” ხშირ შემთხვევაში რელიგიას იშველიებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე მორალური უპირატესობის ბერკეტად, ანუ სხვაზე შურისძიებისა თუ ძალმომრეობის წყაროდ და არა ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი განვითარების შესაძლებლობად.

ეკლესია, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, იესო ქრისტეს მისტიკური სხეული, სადაც მისი ბუნებიდან თუ სწავლებიდან გამომდინარე არ არსებობს სტატიკური მდგომარეობა, არამედ მასში მუდმივი დინამიკა და სრულყოფილებისაკენ წინსვლაა, ბევრისთვის გაუგებარი და მიუღებელი ფენომენია. როდესაც ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან თეოლოგი თავისუფლების კოსმოგონიურ არსზე საუბრობს, ხშირ შემთხვევაში საკითხში დილეტანტი თუ უცოდინარი ადამიანების მხრიდან მისი მისამართით აუცილებლად გაიგონებთ იმგვარ ეპითეტებსაც, როგორებიცაა: “მოდერნისტი, პაპისტი, ლიბერასტი, ეკუმენისტი, ნოვატორი” და ა.შ. ეს არის უპასუხისმგებლო და მონური აზროვნება, როცა თავისუფლება ხდება ზედმეტი და საშიში ტვირთი შენთვის და არა ბედნიერების წყარო. თავის დროზე, თავად მაცხოვარსაც კი რევოლუციონერს, მეამბოხესა და ავანტურისტს უწოდებდნენ ფარისევლები და დაკომპლექსებული მოქალაქეები.

ზოგადად სიახლის პარანოიდული ფობია იწვევს ფანატიზმს, სადაც ცოცხალი ღმერთი ხდება საშუალება და არა მიზანი. ასეთი რწმენა (ფუნდამენტალიზმი, ექსტრემიზმი და ფანატიზმი) სხვა არაფერია თუ არა “ღმერთის დიდება” ცოდნის, ემპათიისა და სიყვარულის გარეშე, სადაც მჟავე მესიანიზმი, იზოლაციონიზმი, ობსკურანტიზმი და “ღვთივრჩეულობის” იდეა წარმატებით მუშაობს. ასეთი სენით შეპყრობილი “მრევლის წევრი მამულიშვილი” ყოველთვის წავა ვინმეს წინააღმდეგ, და არასდროს ვინმესთან შესახვედრად! ე.ი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენს ამჟამინდელ მოცემულობაში ჩვენ ვაწყდებით “ტრადიციულობისა და ზნეობრიობის” ეგიდით დეკლარირებულ აგრესიას, სადაც ქრისტე მხოლოდ მორალური გმირი და რიგორისტული ეტალონია და არა თავად სიცოცხლე და ჭეშმარიტება. დიახ, “ველიკოძერჟავული” სული ჩვენში სწორედ საბჭოთა ცნობიერების მახინჯ რუდიმენტს წარმოადგენს, სადაც იბრძვიან მიწიერი სამოთხისათვის და არა ზეციური სასუფევლისათვის, რომელიც წუთისოფლის ძლიერთა ამაქვეყნისათა წინაშე კონფორმიზმზე არ გადის, არამედ თავდადებას და უანგარობას მოითხოვს, რომელსაც მშვიდობისა და პატიოსნების პათოსი ასაზრდოვებს და არა ბოღმა და ანგარიშსწორება!

ამდენად, როცა რელიგია ეთნონაციონალიზმის ინსტრუმენტი ხდება, იქ მთავრდება ქრისტეს მოხმობის გააზრება – “რაითა ყოველნი ერთ იყვნეთ” და იწყება წარმართული ადრენალინის ფრქვევა, რომელიც გამოიხატება რასიზმში, შოვინიზმში, ქსენოფობიაში, ეთნოფილეტიზმსა და КГБ-შნიკურ მიდგომებში!

დღეს, გამძვინვარებით გვიტევს ჩოხა-ახალუხში, ხელმოცარულ პოლიტიკოსებსა და საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრსციაში შემალული კრემლის მსოფლმხედველობრივი მდგენელი თუ მისი აგენტურა, რომელიც კოლაბორაციონისტების ძალით გვებრძვის, ძირითადად იმ ადამიანების მეშვეობით, ვისაც ოჯახური ტრადიციით, შთამომავლობით ერგოთ ФСБ-ს მსახურება და ახლაც ჯიუტად არ ეთმობათ 37 მანეთად მოსკოვში გადაფრენა, მომიტევეთ და “ქერა რუსის ქალები”, ერთი ბოთლი კონიაკით უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის მოპოვება, ქურდებთან “სიმართლის” გარჩევა, მამიკოს ონავარა ბიჭობა და ა.შ.

ასეთ ვაიექსპერტებსა და რენეგატ პატრიოტებს უნებლიედ სძულთ ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის შინაარსი, რადგან არ იცნობენ მას, ემტერებიან ყველა პატიოსან და მამხილებელ მორწმუნეს, რომელიც არ ეპუება კონიუქტურას, გამრუდებულ რეჟიმსა და უღმერთო სისტემას, ცილს წამებენ და ემუქრებიან ყველას, ვინც რეალობას ობიექტურად აჟღერებს, ებრძვიან არა პრობლემებს, არამედ იმათ ვინც პრობლემის დამნახავია. ისინი მუდმივად დუჟმორეული კონსპირაციების გარჩევაში ხარჯავენ დროს და ჩვეულებრივი ნეოფაშისტები არიან ნატურით, რომელთაც ქრისტიანობა – რუსეთთან მონური მორჩილების საშუალებად სჭირდებათ და არა მარადიული ცხოვრებისათვის!

ასე, რომ არ მოვტყუვდეთ! გაწიწმატებულ და ეგზალტირებულ “ეროვნულებში”, ბევრი ფარული რუსეთუმეა, რომელსაც სიყრმის ნოსტალგია და “თანდაყოლილი პრივილეგიების” მონატრება სტანჯავს!

P.S. დიდება ჭეშმარიტ სარწმუნოებას – მართლმადიდებლობას, მის უცდომელ და წმინდა ეკლესიას! დიდება ნამდვილად ერთგულ, კეთილშობილ, განათლებულ და წრფელ მოქალაქეებს, რომელთათვისაც სამშობლო უბრალოდ მიწაწყალი კი არა, უმთავრესად ადამიანია (როგორც ამას წმ. მღვდელმოწამე გრიგოლი ამბობდა)!

არა – კორუმპირებულ, კრიმინალურ, КГБ-შნიკურ, ზნედაცემულ და მოღალატურ საპატრიარქოს მენეჯმენტს! ამინ

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი, თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 14, 2019 10:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,774
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics