გიორგი ტიგინაშვილი – სამწუხაროდ, საპატრიარქოში ბიბლიას რწმენით არ კითხულობენ

“ფაქტობრივად, არცერთხელ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციას არ გამოუთქვამს საკუთარი მოსაზრება შრომითი უფლებების ხელყოფის, სოციალური უთანასწორობის, კანონის უზენაესობის აუცილებლობის, სასამართლო ხელისუფლების პრობლემურობის, კარტელური ბიზნეს-სქემების, ელიტური კორუფციის, “ქურდული” სამყაროსა და დანაშაულებრივი სინდიკატების, საბჭოთა სიმბოლიკების, რუსიფიკაციის, კოლაბორაციონიზმის, 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების შესახებ!
შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ეს ყოველივე არ არის ეკლესიის პრეროგატივა, კომპეტენცია და ვალდებულება. გარკვეული აზრით, ნაწილობრივ მართალია, თუმცა როცა ვხედავთ, რომ სრული სეკულარიზმი უტოპიაა და ეკლესია მხოლოდ მისი მენეჯმენტის ეგოსა და ძალაუფლებისათვის პრაქტიკულად მოიერიშე ეტატიზმს ეწევა, ცხადია საჭიროება მოითხოვს, რომ სხვა თუ არაფერი, შევახსენოთ მათ სახარებისეულად სულიწმინდის ხორციელი სათნოებების (მშიერთა დაპურება, მწყურვალთა სმევა, შიშველთა შემოსვა, უცხოთა შევრდომება, სნეულთა მიხედვა, პატიმართა მოკითხვა, მიცვალებულთა დამარხვა) აღსრულების ინსტიტუციური თუ ზნეობრივი ვალდებულება მაინც.
სწორედ, ზემოთ ჩამოთვლილ სათნოებათა განხორციელებისათვისაა საჭირო გარემო-პირობების შექმნა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და საეკლესიო აქტივობები თუ სოციალური მისიოლოგია, რასაც სიხარბით, ტრიუმფალიზმით, სიმდიდრითა და მატერიალიზმით განცხრომილი იერარქია, სამღვდელო დასი თუ სამონაზვნო წესი ვერ გრძნობს!
როდესაც სოციალური დოქტრინის არარსებობაზე ვაპელირებთ, ეს არც მარქსისტული ზრახვებით განმსჭვალული ხედვაა, სადაც ადამიანი მარტოოდენ ეკონომიკური და უპიროვნო ბიოარსებაა, არამედ ამ დროს ჩვენ ვიხსენებთ მაცხოვრის უმთავრეს გზავნილებს იგავებიდან – “მდიდარი და ლაზარე”, “მოწყალე სამარიტელი”; აგრეთვე მისივე დარიგებიდან: “ვინც ერთ მილზე გაყოლა გაიძულოს, ორზე გაჰყევი”, “ვინც გთხოვოს – მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს” (მათე 5, 38-42); სხვაგან – “მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ”(მათე 25,40); “მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ” (ლუკა 11,41); სხვაგან – “გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას” (ლუკა 12,33); “მხოლოდ უნდა გვხსომებოდა ღატაკნი, და მე გულმოდგინედ ვცდილობდი ამესრულებინა ეს”(გალატ. 2,10); “ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს” (გალატ. 5,13); “ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული” (გალატ. 6,2) და ა.შ.
სამწუხაროდ, საპატრიარქოში ბიბლიას რწმენით არ კითხულობენ ” – წერს გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის გენპროკურატურამ მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დასმის გამო საქმე აღძრა
შემდეგი სტატიარამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება – ნატო-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი „რაინეარის“ სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა