დღეს საქართველოს საზოგადოებრივ ცნობიერებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ფენომენია ჰომოსოვიეტიკუსის მემკვიდრეობა, ანუ ადამიანი, რომელმაც დაკარგა თავისუფლების შინაგანი განცდა, მაგრამ ვერ შეიძინა პასუხისმგებლობის ნიჭი.
ეს არის ფსიქოლოგიური ტიპი, რომელსაც ჟან-პოლ სარტრი უწოდებდა “მოჩვენებით არსებობაში მცხოვრებ ადამიანს”, რაც გულისხმობს იმგვარი საზოგადოების დამღას, რომელიც ვერ იტანს თავისუფლების ტვირთს და ამჯობინებს სხვების ნებით ყოფნას. არადა, როგორც სარტრი წერდა: “L’homme est condamné à être libre” – “ადამიანი განწირულია თავისუფლებისთვის”.
სწორედ ამ თავისუფლების შიში იქცა ქართულ საზოგადოებაში საბჭოთა ადამიანობის უმთავრეს მემკვიდრეობად.
ქართული ე.წ. “წითელი ინტელიგენციაც” არის საბჭოთა მენტალობის ბოლო ფრთა, რომელიც გარეგნულად დასავლურ ენაზე საუბრობს, მაგრამ შინაგანად რჩება მორჩილებასა და პატრონაჟზე დამოკიდებული. იგი ვერ გაბედავს სიტყვის ნამდვილ თავისუფლებას, რადგან თავისუფალი სიტყვა შიშს იწვევს, შიშს – დაკარგოს “კარგი ურთიერთობა”, გრანტი, თანამდებობა, ელიტურობა და კომფორტი, რომელსაც გაბატონებული სამთავრობო ნომენკლატურა ანიჭებს.
თომას მერტონი წერდა: “როცა ადამიანი დაკარგავს მდუმარების შინაგან სივრცეს, ის იწყებს საკუთარ თავის გაყიდვას ყველაზე იაფ ფასად”. ჩვენი ინტელიგენციის დიდი ნაწილი სწორედ ასეთია, შიდა მდუმარების ნაცვლად გარეგანი იმიტაციითა და “სიმშვიდით” ნასაზრდოები.
მის მსგავსად, რელიგიური სივრცეც კონფორმიზმშია. თუმცა, უწინ, საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ეროვნული თვითშეგნების საყრდენი, მაგრამ ბოლო ათწლეულებში მის შიგნით გაჩნდა სერიოზული სულიერი განხეთქილება: ნაწილი ეკლესიის მისიას აღიქვამს, როგორც რუსეთის “წმინდა იმპერიის” გაგრძელებას, სადაც რწმენა იდეოლოგიზებულია და გადაქცეულია პოლიტიკურ იარაღად. როგორც ბიბლია გვასწავლის, ისინი არიან “მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი” (2 ტიმ. 3,5). ეს მუხლი პირდაპირი სარკეა ფსევდოკონსერვატორი სასულიერო პირისა, რომელიც ვითომ და გარეგნულად იცავს ტრადიციას, მაგრამ სულიერად უარყოფს მის ძალასა და მნიშვნელობას.
ეს არაა ქრისტიანობა, არამედ მისი პაროდია.
კარლ ბარტი წერდა: “როცა რწმენა ემსახურება სახელმწიფოს, იგი კარგავს ღმერთს და პოულობს კერპს”. სამწუხაროდ, მრავალი სასულიერო პირი დღეს ჩვეულებრივი პაგანისტია და კერპს ემსახურება, ზოგი ცნობიერად, ზოგიც გაუცნობიერებლად, რწმენის სახელითვე.
ზუსტად ამ ფონზე, საქართველოში იმარჯვებს ფსევდოკონსერვატიზმის იდეოლოგია, რომელიც სინამდვილეში კი არ იცავს ტრადიციას, არამედ იყენებს მას პოლიტიკური თავშესაფრისთვის. ნამდვილი კონსერვატიზმი არის პასუხისმგებლობის ზნეობა, რომელიც იცავს ეროვნულ უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, რწმენასა და ღირსებას, მაგრამ არ ეშინია აზროვნების. ფსევდოკონსერვატორი კი მხოლოდ ატავისტურად და რეტროსპექტიულად ყვირის “გაიდეალებულ წარსულზე”, რათა დაფაროს აწმყოში არსებული სულიერი სიცარიელე.
რენე ჟირარი წერს: “როცა საზოგადოება კარგავს სიწმინდის განცდას, იგი იწყებს ბნელის ფეტიშიზაციას”. ანტიდასავლური და ფსევდოკონსერვატიული რიტორიკაც სწორედ ამ ფეტიშიზაციის ნაყოფია, ანუ ესაა დაზაფრული, ეგოისტური, აგრესიული შიში, რომელიც თავს იცავს “ტრადიციის” ნიღბით.
რეალურად კი ჩვენ არ გვჭირდება არც საბჭოთა ნოსტალგია, არც ფსევდოპატრიოტული ილუზიები. საჭიროა სულიერი სიწმინდე, თავისუფალი აზრი, ინტელექტუალური ხედვა და ზნეობრივი სიმტკიცე, იმად რომ რწმენა იყოს სინათლე და არა პოლიტიკური ინსტრუმენტი.
საბოლოოდ, ქართული საზოგადოების განკურნება იწყება იქიდან, სადაც ადამიანი იწყებს საკუთარ სულთან დიალოგს.
“რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: აბბა, მამაო!” (რომ. 8,15). აქ მოცემულია არსებითი კონტრასტ, როცა ჰომოსოვიეტიკუსი ცხოვრობს შიშითა და მატერიალისტური დამოკიდებულებით, ხოლო ქრისტიანობა გვიბრუნებს შვილობის სულს, ანუ შინაგან ღირსებასა და თავისუფლებას.
ჰომოსოვიეტიკუსის სული ვერ გაუძლებს სინდისის სინათლეს. ამიტომ ჩვენი ბრძოლა არ არის უბრალოდ მრუდე პოლიტიკურ იდეოლოგიებთან, არამედ სტერეოტიპული სულის გათავისუფლებასთან. თუ ეს გავიაზრეთ, საქართველოს მომავალს აღარ ექნება მონური სული და მას ექნება სუვერენულობის ღირსება.
“თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს” (გალ. 5,1). წმინდა წერილის ეს მუხლი იდეალურად ასახავს სარტრისეულ პარადოქსს, როცა ადამიანი თავისუფალია, მაგრამ თავისუფლებას გაურბის. ქრისტიანული პერსპექტივა გვახსენებს: თავისუფლება მხოლოდ მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა იგი ღმერთშია, და არა დაშტამპულ იდეოლოგიურ ფორმებში.
ამდენად საბჭოთა პროტექციონიზმი, მექრთამეობა, კორუმპირებულობა, ნეპოტიზმი, ათეიზმი და მარქსიზმი მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუკი ავთენტიკურ ქრისტიანობას გავიაზრებთ და სინდისის დასაკმაყოფილებელი ბრმა რიტუალიზმიდან თუ პროვინციული კლერიკალიზმიდან – სულიერი და ინტელექტუალური ქრისტიანობის პასუხისმგებლობით ტვირთვას შევუდგებით,-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.
















