გიორგი ტიგინაშვილი: რუსეთი არ არის ერთმორწმუნე და მოძმე ერი

რუსეთი არ არის ერთმორწმუნე და მოძმე ერი. საერთოდ, ეკლესიოლოგიური, თეოლოგიური თუ სოციოლოგიური გაგებით, შეუძლებელია რომელიმე ერს უწოდო ამა თუ იმ რელიგიური მიმდინარეობის სიმბოლო! სახელმწიფოებს რელიგია რეალურად არ გააჩნიათ. ნომინალური სტატუსით ეს პრაქტიკა შესაძლოა გარკვეული სახით, ზოგიერთ ქვეყნებში გვხვდებოდეს, მაგრამ მთლიანობაში ამა თუ იმ ერს უწოდო კათოლიკე, მართლმადიდებელი ან მუსულმანი – არასწორია! რწმენა ინდივიდუალური, კერძო და პირადული არჩევანია (განზოგადება პირობითია) და მისი იდეოლოგიზება დაუშვებელია, რამეთუ ასეთ დროს იგი ხდება სამართავი ბერკეტი პოლიტიკური ისტაბლიშმენტისათვის და მმართველი აპარატის ხელში იქცევა ინსტრუმენტად.

დღეს, რუსეთის ეკლესია მისდევს კვლავაც პეტრე I-ის დროინდელ (1721 წლის დადგენილება პატრიარქობის ინსტიტუტის გაუქმების შესახებ) ობერპროკურორისეულ სისტემას, სადაც ქრისტე საშუალებაა და არა მიზანი, სადაც რწმენა – მასებისა და კოლექტივების მართვის ნეიროსპირიტუალური წყაროა, სადაც “წმინდა რუსეთის” იდეა კოლონიალისტურ და იმპერიალისტურ მიზნებს ემსახურება და არა სულთა ხსნას!

1943 წელს, სტალინმაც სახელმწიფო უწყების ფუნქციონალური დატვირთვით აღადგინა ეკლესიის ლეგალური სტატუსი და არა სულიერი აღორძინებისა და ხალხთა ცხონებისათვის!

ამჟამინდელი რუსეთის “ეკლესია” არის სერგიანული და პოლიტიზებული, КГБ-სა და ФСБ-ს პროექტი, სადაც მილიტარისტული ვერტიკალი არსებობს!

სიყვარულის, თავმდაბლობის, სიკეთის, მშვიდობისმყოფელობის და ზნეობრიობის გარდა ყველაფერია რუსეთის ეკლესიის დღისწესრიგში! პატრიარქი კირილე მიიჩნევს, რომ “რუსეთის სახელმწიფოს სტაბილურობა უმთავრესად ბირთვულ რესურსზე დგას და რომ სირიაში რუსების ბრძოლა – წმინდა და საღვთო ომია”! ამგვარი რიტორიკა სხვა არაფერია, თუ არა კრემლისტური კრედო!

მ. ჯავახიშვილის “ლამბალო და ყაშა” თუ გახსოვთ, ადვილად მიხვდებით იქაურ სულს. ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს: “ყველა მიწა სადაც რუსი სალდატის სისხლი დაიღვრება – რუსეთის საკუთრება არისო”!

ასე, რომ შორს რუსეთისგან და მისი მაფიოზური, მიზანტროპიული და დამპყრობლური ეკლესიისგან!

გიროგი ტიგინაშვილი
თეოლოგი

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა
შემდეგი სტატიაანსამბლი ,,შავნაბადა“ ლარსის გამშვებ პუნქტთან სპეციალურად შერჩეული რეპერტუარით წარსდგა