გიორგი ტიგინაშვილი: პაპი და თანამედროვე გამოწვევები

სადღეისოდ, იმის გათვალისწინებით, რომ დოქტრინალური სტაბილურობა თანამედროვე ეკლესიის შიგნით საკმაოდ პრობლემური გახდა, ამ ნიადაგზე, ხშირია მწვავე კონფლიქტები და პოლარიზაცია, რადგან ერთ მხარეს ე.წ. პროგრესული მოძრაობები დგანან, ხოლო მეორე მხარეს – ტრადიციონალისტი მორწმუნეები. შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე, ლეონ XIV-ს უმთავრესად მოუწევს ეკლესიის სწავლების ერთიანობის განუხრელი დაცვა, განსაკუთრებით ოჯახურ საკითხებზე, სქესზე, ლიტურგიკასა და მორალურ საკითხებზე.
ამასთან, რაკი ამჟამად ეკლესიის მისიოლოგიური ცენტრი გეოგრაფიულად იხრება გლობალური სამხრეთით – აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში, პონტიფექსს მოუწევს საყოველთაო ეკლესიასთან ჰარმონიის შენარჩუნება და ბალანსირება იმგვარად, რომ დასავლეთის იდეოლოგიზებული და დოქტრინული რყევები მასზე გავლენას არ ახდენდეს.
ფასეულობების უნივერსალიზაციამ, აგრესიული სეკულარიზმის ზრდამ და იდენტობის ფარდობითობამ, დღესდღეობით ქრისტიანობისათვის განსაკუთრებით რთული გახადა თანამედროვე მასკულტურის, სუბკულტურისა და ვოუქიზმის გავლენასთან გამკლავება. ამიტომ, პაპ ლეონ XIV-ს მოუწევს განამტკიცოს ეკლესიის სწავლა-მოძღვრებითი იდენტობა და ონტოლოგიური მისია სამყაროში, რომელიც სულ უფრო იშვიათად იძლევა რწმენაზე დაფუძნებულ პასუხებს.

იმისათვის, რათა აღნიშნული წინაღობები წარმატებით გადაილახოს, საჭიროა შეუალი სიმტკიცე ჭეშმარიტების კრიტერიუმების განსაზღვრებებში, რათა პაპი არ შეაშინოს საზოგადოებრივმა ზეწოლამ, ელიტების იერიშებმა და ბომონდური წრეების კრიტიკულმა რიტორიკამ.

ამ ამოცანის განხორციელებისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტებია, როგორც სახარებისეული სიბრძნე, სამეუფეო გზა და თავმდაბლობა, ისე მენეჯერული და ადმინისტრატორული უნარ-ჩვევები, მტკიცე ხასიათი, მკაფიოობა და გამბედაობა, რათა შეძლო და ერთდროულად იყო მწყემსი კეთილიც და ეფექტური ხელმძღვანელიც, რაშიც უდავოდ საკვანძო მნიშვნელობას იძენს ტრადიციისა და წმინდა წერილის მიმართ უპირობო ერთგულება.

მართალია, გულწრფელ და თანმიმდევრული დიალოგი ყველასთან საჭიროა, მათ შორის მარგინალურ ჯგუფებთანაც, მაგრამ არა საღვთო განწესებათა კომპრომისის ხარჯზე, რათა არ დაირღვეს ეკლესიის ერთიანობა და სიწმინდე.

საგულისხმოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, აშკარად გამოიკვეთა დოქტრინალური არეულობა ეკლესიაში, რამაც წარმოშვა სერიოზული ბუნდოვანება და დაბნეულობა სხვადასხვა, ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის სექსუალობაზე, ოჯახზე, ბიოეთიკასა და სამღვდელოებაზე. ამდენად, პაპ ლეონ XIV-ს ჰმართებს მკაფიოდ განამტკიცოს ეკლესიის სწავლებანი და გაბედულად დაუპირისპირდეს სულიერ რელატივიზმს.

დღეს, როცა გლობალური სეკულარიზმი, ნეიტრალური ათეიზმი, აგნოსტიციზმი, ნეოლიბერალიზმი და ცინიკური ქრისტიანოფობია ესოდენ ტრენდული და პოპულარულია, ახლად არჩეულ პაპს მოუწევს იმგვარ სამყაროსთან აპოლოგეტური დიალოგი თუ პოლემიკა, რომელიც სულ უფრო ხშირად და დაუნდობლად უპირისპირდება სახელდობრ ქრისტიანულ მორალსა და ასკეზას. ამ ტალღის შეკავება კი მოითხოვს სიწმინდის, სიცოცხლისა და ოჯახური ღირებულებების გაბედულ დაცვას!

ამ ფონზე, რაკიღა ახალი თაობა სწრაფად სცილდება ეკლესიას. საჭიროა ინტელექტუალური, სულიერი და კულტურული რენესანსი – ტრადიციაზე დაფუძნებული ევანგელიზაციის გზით. ამიტომ, პაპ ლეონს არ უნდა აშინებდეს მავანთა ცილისწამების, პოლიტიზებული ზეწოლის, გაბატონებული კონიუქტურისა და ეკლესიის შიგნით მიმდინარე მერყეობის, რომელსაც გარკვეული ბიძგი წინამორბედმა პაპმა ფრანცისკემაც მისცა, თავისი დუალისტური პოზიციებით, ლოიალურობითა და სწავლებითი სიმსუბუქით.
ამდენად, მნიშვნელოვანია სულიერი ლიდერი და პეტრეს კათედრის მემკვიდრე პოზიციონირებდეს, არა როგორც პოლიტიკოსი, არამედ როგორც მწყემსი, რომელიც ჯერ სულების ხსნას ემსახურება და შემდეგ სოციალური დოქტრინით გათვალისწინებულ პროექტებს. იგი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ მისი პიროვნება მოსწონდეთ ძლიერთა ამა სოფლისათა, არამედ, მის ერთადერთ საზრუნავს უნდა წარმოადგენდეს ქრისტოცენტრული სულისკვეთება და წმინდანთა სამაგალითო გზაზე მოსიარულე მორწმუნეების მცნებების ირგვლივ განმტკიცება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, როცა თანამედროვე სამყაროში, განსაკუთრებით დასავლეთში, ქრისტიანობა ეჯახება ლაიციზმის, მოიერიშე სეკულარიზმის, გიჟური ვოუქიზმის, ინდივიდუალიზმისა და მორალური რელატივიზმის კულტის გავრცელებას. ტენდენციის დინამიკა ისეთი აჩქარებულია, რომ ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდაც დაინტერესებულია “პერსონალიზებული სულიერებით” ტრადიციული დოგმებისა და პასუხისმგებლიანი ასკეტიზმის ნაცვლად. სწორედ ამიტომაც, ლეონ XIV-მ უნდა იმოქმედოს როგორც რწმენის განმტკიცების მამოძრავებელმა ლოკომოტივმა, რომელიც ღრმად დაფუძნებულ ტრადიციებზე დაყრდნობით გადაჭრის სულიერი დეზორიენტაციის სიმსივნურ პრობლემას, რაც, თავის მხრივ საეკლესიო სივრცეში არსებულმა სკანდალებმაც განაპირობა, როცა რეპუტაციული შელახულობის გამო გაღრმავდა საყოველთაო რელიგიური ნიჰილიზმი ცენტრალურ ევროპასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში.

სწორედ, აკრიბიული წესრიგის ამნეზიის გამო, საჭიროა ეკლესიის წმინდა დისციპლინის, ანუ დიკასტერიის ინსტიტუტის ღიაობის რეალური აღდგენა და სასულიერო პირებში მომხდარი დაცემების ფონზე, აუცილებელი და სამართლიანი რეაგირება, რისთვისაც არსებითია არა მხოლოდ ადმინისტრაციული სიხისტე, არამედ სასულიერო ცხოვრების წმინდად აღქმის დაბრუნებაც, ანუ პიროვნული სიწმინდის აღზრდა და პატიოსანი ენთუზიასტების დაწინაურება, რაც სკანდალების პრევენციასა და შემცოდეთა რეაბილიტაციასაც დაეხმარება.
პაპი ლეონი, მოსალოდნელია, რომ ყველაზე მეტად, “გლობალური ეთიკის” დიქტატთან პირისპირ აღმოჩნდეს, სადაც საერთაშორისო ინსტიტუტები და გავლენიანი ლობისტური ჯგუფები შეეცდებიან “ადამიანის უფლებათა კონვენციებით” მანიპულირებას, რომელთაც ხშირად ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლება (მაგ., აბორტი, ევთანაზია, გენდერული იდეოლოგია და ა.შ.). სწორედ ამ ნაწილში, პონტიფექსს შეუძლია გახდეს საერთაშორისო ხმის გამტარი კატალიზატორი – მორალური სიმართლის დასაცავად. ამიტომ იგი არ უნდა შეუშინდეს გაეროს, ევროკავშირის ან სხვა ძალაუფლების ცენტრის კრიტიკას.

ასევე, უმნიშვნელოვანესია რომ პაპმა იტვირთოს რელიგიის თავისუფლების დაცვის იდეა მსოფლიოში, რადგან ფაქტია, რომ დასავლეთში რელიგიური თავისუფლება ხშირად იგნორირებული ან დამცინავია მაშინ, როცა ტრადიციული, ონტოლოგიური, ქრისტიანული ღირებულებების საჯაროდ გამოხატვა მიჩნეულია დისკრიმინაციად, ხოლო რადიკალური ისლამიზაცია – ნორმად. ამიტომ, მას ევალება, რომ მტკიცედ დაიცვას მორწმუნეთა უფლებები, მათ შორის მათიც, ვისაც დაუსჯელად სურს იცხოვროს თავისი რწმენის შესაბამისად,-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ჩემი ფეხი არის მყარი, ჩვენი, ყველას ფეხი არის მყარი, ვიცით, საითკენ მივდივართ და ამიტომ არის მყარი
შემდეგი სტატია“ყველანი [აშშ, ევროპა, უკრაინა] ერთ აზრზე ვართ: სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს” -ზელენსკი