გიორგი ტიგინაშვილი – მიტროპოლიტი სტეფანე წინასწარ განზრახული პოზიციებისა და სადამსჯელო გეგმის მიხედვით მოქმედებს

“ჭყონდიდის ეპარქიის მოქმედ სამღვდელოებას!

ძმანო, მოძღვარნნო, დიაკონნო და ბერ-მონაზონნო!

როგორც ვხედავთ, მიტროპოლიტი სტეფანე წინასწარ განზრახული პოზიციებისა და სადამსჯელო გეგმის მიხედვით მოქმედებს. მან დასაჯა და განაყენა არაერთი ადგილობრივი სასულიერო პირი, ასევე სრულიად უკანონოდ, საეკლესიო სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით “განკვეთა” არქიმანდრიტი ათინოგენე.

ბიბლიაში საოცარი სიტყვებია მკვლელი კაენისადმი მიმართული: “ხმაი სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენდა მომართ ქვეყანით” (დაბ. 4,10). სირცხვილია, როცა თქვენი თანამწირველი და უდანაშაულო ძმების სასჯელი, აბელის სისხლივით ცას შეჰღაღადებს, თქვენ კი მდუმარედ შეჰყურებთ ყოველივეს!..

ნუ ჩათვლით, რომ სულიწმინდის მადლი, რომელიც გებოძათ პრივილეგია, ან მხოლოოდენ პატივია. პირველ რიგში, ის არის პასუხისმგებლობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში სძენს ხელდასხმულს ღირსებას, როცა ის საკუთარი შეგნებით და არჩევანით ტანხმობაშია მის განწესებასთან, ტანახმად წმ. იოანე ოქროპ[ირისა – “როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას, ასევე მადლიც – ჩვენს გულმოდგინებას, რათა აგიზგიზდეს. ასევე მიწა არაფერს აღმოაცენებს წვიმის გარეშე, და მიწის გარეშე წვიმაც უსარგებლოა; სწორედ ამგვარადვე მადლი არ მოქმედებს თავად ადამიანის თანამონაწილეობის გარეშე, არც ადამიანის ნება – მადლის თანამონაწილეობის გარეშე”.

მომიტევეთ კადნიერება, მაგრამ მართლაც საკვირველია, თუ რა იწვევს თქვენს პასიურობას, ეგოცენტრულობას, ინდიფერენტულობასა და სიმხდალეს. ნუთუ შეკითხვები არ გიჩნდებათ მიტროპოლიტ პეტრეს მიერ ინიცირებულ პრობლემატურ საკითხებზე? ნუთუ არ შეგიძლიათ ლოგიკას მიჰყვეთ და დაუფიქრდეთ: რამ განაპირობა კათოლიკოს-პატრიარქისადმი აქამდე ესოდენ დიდი პატივისცემითა და კეთილკრძალულებით გამორჩეული მეუფის დაუცხრომლობა და პროტესტი? იქნებ მან რაღაც ისეთი რამ გაიგო, რითაც დაიმსხვრა მასში პირველიერარქის ავტორიტეტი? იქნებ მართლაც გააჩნია ყველანაირი სამხილი, ჰყავს მოწმეები და აქვს კანონიკური პროცედურისთვის საჭირო მექანიზმები, რათა წაყენებული ბრალდება დაადასტუროს? ასე რამ დაგაჩიავათ და დაგაბეჩავათ? ერისკაცები უფრო გაბედულად, ვაჟკაცურად და მამაცური პრინციპულობით, რომ მოქმედებენ სიმართლის გზაზე, ოდნავ უხერხულობას მაინც არ გრძნობთ? ნუთუ კონკრეტულად თქვენზე ამბობდა წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: “თუმცა სულიწმიდა ერთია, მისი ძღვენი თანაბარი არაა, ვინაიდან სულიწმიდის მიმღებნი თანაბარნი არ არიან”.

ძმებო, ახლადდადგენილ მიტროპოლიტ სტეფანესთან ურთიერთობამ შეგბოჭათ, თუ მატერიალურმა ინტერესებმა? თქვენი აზრით, ქრისტიანისთვის საკუთარი ცხოვრების სიჯანსაღე კონფორმიზმზე გადის თუ ექსორიობაზე? ამიტომ, გახსოვდეთ წმ. ანტონი დიდის შეგონება: “ნუ მისცემთ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიოთ ადამიანური ურთიერთობებისა და პირობების გამო”.

რაც შეეხება უშუალოდ მეუფე პეტრეს საკითხს:

1)ნებისმიერი მღვდელმთავრის განყენება/განკვეთის დისკრეცია თუ პრეროგატივა გააჩნია მხოლოდ წმინდა სინოდს და არა სახელდობრ კათოლიკოს-პატრიარქს! შესაბამისად ვერდიქტის ვალიდურობა იმთავითვე პრობლემურია, როცა “ერთმმართველი აბსოლუტის” ნების უზენაესობით ხდება გამოტანა და არა სინოდური თუ კრებსითი წესით. ამიტომ თქვენი მიტროპოლიტი არის უკანონოდ დასჯილი 31.10.2019 წლიდან;

2)როდესაც სჯიან ბრამდებელს, ისე, რომ არ უსმენენ – ეს არის კანონიკური ნონსენსი, პროცედურული კაზუსი და ალოგიკურობა, რამეთუ მღვდელმთავარს უნდა მიეცეს ბრალის დადასტურების შესაძლებლობა, სწორედ სამართლებრივი გზით წმინდა სინოდის ფორმატში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია რატომ ეკისრება მას ეპიტიმია და რა უნდა მოინანიოს მან, რომელიც ირწმუნება, რომ ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე აქვს საკმარისი სამხილი თუ მტკიცებულება და მისი მიზანი ზოგადი ვითარების გაუმჯობესებაა;

3) მრავალჯერადი მსჯავრი (I. აეკრძალოს მღვდელმოქმედება; II. განთავისუფლდეს ეპარქიის მმართველობიდან; III. განმწესდეს მონასტერში მოსანანიებლად; IV. გაირიცხოს სინოდის წევრობიდან). არღვევს ეკლესიის ძირეულ სამართელბრივ პრინციპს, რომელიც განმტკიცებულია მოციქულთა 25-ე და ბასილი დიდის 9-ე კანონებით: “შურს ნუ იძიებთ ერთი რაიმესათვის ორჯერ” (ნაუმ. 1.9.).

აქვე, შეგახსენებთ თითოეულ თქვენგანს:

იქამდე, ვიდრე არ განიხილება მიტროპოლიტ პეტრეს მიერ წამოჭრილი საბრალდებო საკითხი, წმინდა სინოდს არ აქვს უფლება მის ნაცვლად დაადგინოს სხვა რომელიმე მღვდელმთავარი ჭყონდიდის კათედრაზე, თანახმად სარდიკიის კრების მე-4 კანონისა. შესაბამისად, აღნიშნულ ეპარქიაში განხორციელებული ნებისმიერი საკადრო როტაცია (ცვლილება) აღიქმება, როგორც უკანონობის გაგრძელება! ნუ დაემორჩილებით ისეთ უკანონობას, რომელიც მომავალში პასუხისმგებლობას დაგაკისრებთ!.. ასე, რომ არავითარი ფასი არ ექნება თქვენს წირვა-ლოცვას, თუკი თქვენ ყურად არ იღებთ კეთილსინდისიერი ძმების საწუხარსა და უფლის მცნებებს, ანუ კანონიკურ განწესებებს – “ვისაც სურს, რომ უფალმა მისი ლოცვა შეისმინოს, მან უფლის მცნებებს უნდა მოუსმინოს” წმ. იოანე სინელი.

ამრიგად, დაფიქრდით, გაანალიზეთ და სინდისს მიაყურადეთ და არა ძლიერთა ამა ქვეყნისათა, რამეთუ “კეთილ არს მოსავყოფაი უფლისა მიმართ, ვიდრე მოსავყოფაი კაცისა მიმართ ” – წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – ოპოზიცია და ,,ლელო“ მზადაა, მოლაპარაკებები გააგრძელოს
შემდეგი სტატია15 მაისის აქციისთვის ინტერპარტიული შტაბი შეიქმნება – ოპოზიცია “ლელოს” ოფისში შეიკრიბა