ჯერ სად ხართ?! გავა ცოტა დრო და ე.წ. “საქართველოს ეკლესიის” მმართველი სისტემის მორალური და სულიერი გაკოტრება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. საზოგადოება მეტ-და-მეტ უზნეობას, კანონების უგულებელყოფას, სულიერ გადაგვარებასა და სიბილწეს იხილავს სწორედ იქ, სადაც თვით ჯვარცმული უფლის სახელი უნდა იქადაგებოდეს. და აი მაშინ, შესაძლოა ბევრმა ოპონენტმა უკანმოუხედავად გაახილოს თვალი და საბოლოოდ ობიექტურად შეაფასოს ის, რასაც სინდისით, ქრისტიანული მორალისა და პროფესიული პატიოსნების საფუძველზე ვეწინააღმდეგებოდით ჩვენ – თეოლოგები, რომლებიც დღეს ყოვლად დაუსაბუთებლად და უტიფრად “ეკლესიის მტრებად”, “მოსყიდულებად”, “ათეისტებად” ან “ბნელ ძალებთან კავშირში მყოფებად” წარმოგვაჩინეს.
თუმცა, იმისათვის, რომ განსჯის უნარი გქონდეს, საჭიროა აზროვნება და ცნობიერების ამაღლება, რადგან – “ბრიყვისთვის სიბრძნე მიუღწეველია, კარიბჭესთან პირს ვერ გახსნის” (იგ.24,7).
ყველა მათგანს, ვინც საჯაროდ გვაგინებდა, გვწყევლიდა, ცილს გვწამებდა, გვემუქრებოდა და დაცინვით ცდილობდა ჩვენს განადგურებას, ადრე თუ გვიან მოუწევს სინანული და ბოდიშის მოხდაც კი. ეს კი ჩვენი გამარჯვება კი არ იქნება, არამედ სიმართლისა და ღვთის ჭეშმარიტების მცირე რეაბილიტაცია.
მაგრამ, განსაკუთრებით საზიანო და სულიერად დამანგრეველია ის, ვინც კონფორმიზმს ამოფარებული ერთგვარი გარეგნული ღვთისმოსაობითა და რიტუალიზმით ინარჩუნებს საეკლესიო სისტემასთან ფსევდოსულიერ და მოსახერხებელ “კავშირს”. თქვენ, ვინც მართლმადიდებლობას მხოლოდ ეთნოგრაფიულ ტრადიციად აღიქვამთ და რწმენას იდენტობის დეკორაციად იყენებთ – სინამდვილეში ხართ რწმენის მტერები და ღვთის სახელით მოქმედი კონფორმისტები და ეგოისტი მაგები.
თქვენში არ მჟღავნდება არც ცოცხალი სარწმუნოება, არც მოძღვრების ან ბიბლიის გააზრებული ცოდნა, არც სულიერი ჭვრეტა. თქვენშია მხოლოდ აგრესიული პატრიარქოცენტრიზმი, კერპთაყვანისმცემლური სული, მოძველბიჭო ეთიკა, უსწავლელობა და იდეოლოგიური ბრმად მორჩილება. არადა, ბიბლია მოგვიწოდებს: “ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი” (იგ.23,23).
მოეშვით ბრმა რიტუალიზმს, უღირსი პატრიარქის განდიდებას, მღვდლებთან ინდულგენციებით ვაჭრობას და ხალხურ “ღვთისმეტყველებას”. ის რასაც საქართველოს საპატრიარქოსა და ყაჩაღთა სინოდში ადგილი აქვს, სრული ანტიპოდია მართლმადიდებლობისა და უკიდურესად დემონური იმიტაციაა ჭეშმარიტების. როგორც წმ. გრიგოლ ნაზიანზელი შეგვახსენებს: “უწმინდურია უგუნური სული, რომელიც არ აღიარებს ღვთის საიდუმლოს და მხოლოდ გარეგნულ წესს ებღაუჭება”.
ამდენად, უფლის მართლმსაჯულება მხოლოდ დროის საკითხია. ქრისტეს ეკლესია კი იდენტურია ჭეშმარიტების, არა ინსტიტუციისა – და ვინც დღეს ამ ქრისტეს სახელს ამოფარებული უმეცრებას, ძალაუფლებას და სიცრუეს ემსახურება, მალე აღმოჩნდება იმ სიბნელეში, რომელზეც თავად წინასწარმეტყველებდა მაცხოვარი: “მოეშვით მათ: ბრმები არიან და ბრმებისვე წინამძღოლნი; ხოლო თუ ბრმა წინ უძღვის ბრმას, ორივენი ორმოში ჩაცვივიან” (მთ. 15,14).”-წერს თეოლგი, გიორგი ტიგინაშვილი.