გიორგი ტიგინაშვილი ილარიონ ალფეევს პასუხობს- არ ვარ რუსოფობი, რასისტი, შოვინისტი და ქსენოფობი

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მიტროპოლიტო ილარიონ! Иларион Алфеев

გავეცანი რა ამა წლის 26 იანვარს გამოქვეყნებულ თქვენს ინტერვიუს და ფრიად აღშფოთებული და გულნატკენი დავრჩი, რის გამოც თქვენდამი მოსალმებაც კი მიძნელდება თქვენივე რიტორიკის, მუქარანარევი ჰონორისა და შეურაცხმყოფელი ტონის შემხედვარეს, თუმცა ქართველებს ანდაზად გვაქვს – “სალამი ღვთისაა” და შესაბამისად მეც ამ ღირსეული ტრადიციის ამოსავლიდან გეპყრობით.

მოგესალმებით თქვენო მეუფებავ! საწყისშივე მსურს აღვნიშნო, რომ არ ვარ რუსოფობი, რასისტი, შოვინისტი და ქსენოფობი; დიდად ვაფასებ რუს წმინდანებს, მწერლებს, მხატვრებსა და ფილოსოფოსებს, რომელთაც ზოგადსაკაცობრიო საუნჯის მონაპოვრად მივიჩნევ. შესაბამისად ჩემი მომართვის პათოსი არ გახლავთ იმთავითვე მიზანთროპული და ანტაგონისტური, არამედ მხოლოოდენ საკუთარი მრავალტანჯული ერისა და მრავალვნებული ეკლესიის მიმართ შვილობრივი სიყვარული, ერთგულება, ზნეობრივი ვალდებულება, ფხიზელი სინდისი და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მაკადნიერებს – გამოვხატო ჩემი საწუხარი და ემოცია თქვენს დამამცირებელ განცხადებაზე, რომელიც საქართველოს ეკლესიის პოზიციებსა და სამომავლო გადაწყვეტილებებს უკავშირდება!

ჩვენთვის ცნობილია თქვენი ერუდიციისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ, რასაც დიდად ვაფასებთ და პატივისცემით ვეკიდებით, თუმცა კაცობრიობის გამოცდილებას თუ გადავხედავთ და ზოგად საზომში ვიტყვით, მხოლოდ ცოდნა არასოდეს ყოფილა გარანტი სულიერების, ობიექტურობისა და პატიოსნების! მხოლოდ მადლმოსილ გულს შეუძლია დაიტიოს ღვთის სიდიადე და სწავლულობა. როგორც თქვენი კლასიკოსი ლევ ტოლსტოი ამბობდა: “ცოდნა ამშვიდებს დიდ ადამიანს, აოცებს – საშუალოს, ხოლო ბერავს – პატარა ქონდრისკაცს”! მომიტევეთ და ამ დღის შემდეგ არც კი ვიცი თუ რომელ კატეგორიას მიგაკუთვნოთ, თუმცაღა ვისურვებდი, რომ საუკეთესოს.

ალბათ გახსოვთ ბიბლიური შეგონებაც: “უმჯობეს არს მოკლებული სიბრძნითა (სწავლითა) შიშითა ღვთისა, ვიდრეღა წარმატებული სიბრძნითა (სწავლითა) და გარდამხდომელი სჯულისა” (ზირაქ. 19.21.) – ამ სიტყვებშიც ჩანს, რომ სწავლებას კეთილზნეობის გარეშე ფასი არ აქვს და სული უპირატესია გონებაზე, რამეთუ ცოდნას სიყვარულის გარეშე დიდი საზოგადო ზიანის მოტანა შეუძლია სამყაროსათვის, რასაც საუბედუროდ უკვე ორ საუკუნეზე მეტია, რაც მიგვაჩვიეს თქვენმა სახელისუფლებო ელიტებმა.

როგორც გვახსოვს, ჩვენ ოდესღაც ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით. 1801 წელს თქვენმა წინაპრებმა საქართველოს ანექსია და დაპყრობა მოახერხეს, ხოლო 1811 წელს კი ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც 1343 წელს ითვლიდა, გაგვიუქმეს. ჯერ კიდევ მაშინ, გრაფი ნიკოლოზ პანინი გავეშებით წერდა გენერალ ტოტლებენს: “ყველაფერი გააკეთე, რომ სული იყოს აქაური (ე.ი. რუსული), ხოლო სხეული კი თუნდაც ქართული”! ამგვარი ტიპის ექსპანსიისა და ასმილაციის მიმთვისებლური ლოზუნგი თითქოს უმთავრეს შთაგონებად გასდევს უკანასკნელი წლების მოსკოვის საპატრიარქოს, რაც, მერწმუნეთ და სულაც არ მახარებს.

მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურმა ამბიციებმა, იმპერიალისტურმა სულისკვეთებამ და კოლონიალისტურმა აგრესიამ ადამიანის სულიერი მდგომარეობის დეგრადაცია და მისი შინაგანი დაჩიავება იცის. მაშინ, როცა ქრისტე ხდება არა მიზანი, არამედ საშუალება და ბერკეტი საკუთარი ძალმომრეობის დეკლარირებისათვის, ამგვარი ქმედება უკვე აღარაფრით განსხვავდება ჯიჰადის დანაშაულებრივი მოტივებისა და მისწრაფებებისაგან. თუკი თქვენი იმპერატიული დეციბალი, იდეოლოგიზებული რწმენა და ჰეგემონისტური მუქარა – ქრისტესმიერი ძმობაა, მაშინ შეუძლებელია უნებლიედ კაენისა და აბელის ძველი აღთქმისეული პასაჟი არ მოგვაგონდეს. როლების ამოცნობა კი ალბათ პირუთვნელ ადამიანს არ გაუჭირდება.

ისე, კი საინტერესოა, თქვენ როგორც მღვდელმთავარი, ვის სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევთ თავს: ანდრია მოციქულის თუ კაიაფას? იოანე ღვთისმეტყველის თუ ანნას? ვშიშობ, რომ ქმედებითი ნატურით უფრო მეტად ხსენებულ ოდიოზურთა!..

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ არ გვძულხართ და არც რევანშზე ვფიქრობთ, მაგრამ დასანანია, რომ თქვენდამი სიყვარულს წმინდა წერილის მხოლოდ ის ადგილი გვავალდებულებს სადაც მომხვდური მტრის მიმართ დამოკიდებულებაზეა მოწოდება (“გიყუარდეთ მტერნი თქუენნი, აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა, და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ლოცულობდით მათთვის რომელნი გმძლავრობენ და გდევნიან თქუენ” – მათე 5,44. აგრეთვე:
“თუ ვინმე ამბობს, ღმერთი მიყვარსო, თავისი ძმა კი ეჯავრება, იგი ცრუა; ვინაიდან, ვისაც არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, არ შეუძლია უყვარდეს ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავს”. იოანე I – 4,20) და არა ის ადგილი სადაც ძმათა ერთიანობით გამოწვეულ სიხარულზეა მინიშნება – “აჰა, ესერა, რაიმე კეთილ, ანუ რამე შუენიერ, არამედ დამკვიდრებაი ძმათა ერთად” (ფსალმ. 132,1).

ახლა რაც შეეხება საკუთრივ თქვენს ინტერვიუს, ნება მიბოძეთ თითოეულ აბზაცს შესაფერისი პასუხი მივაგო და ძმური თავაზიანობით, პრინციპულობითა თუ კორექტულობით გავცე პასუხი.

თქვენ განაცხადეთ: “ვერ წარმომიდგენია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო”.
გპასუხობთ: თქვენი ინტონაცია, თვითდაჯერებულობა და დაბეჯითებითი მსჯელობა, საუბედუროდ, კიდევ ერთხელ მიმყარებს ეჭვს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდსა და კლიროსში თქვენივე ემისრებისა და რეზიდენტების ფესვგადგმულობაზე, რაც თავის მხრივ გაძლევთ სითამამეს – მათსავე “წინდახედულობასა და შეგნებაზე” ასე დარწმუნებითა და ცინიკური რიხით ილაპარაკოთ, რაც ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილისათვის ერთობ აუტანელი ტრაგედიაა, რომელსაც არასდროს შევეგუებით!

თქვენ განაცხადეთ: “მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, უმეტესად ისინი, რომლებიც ღია თუ ფარულ ოპოზიციაში არიან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლებიც მოუწოდებენ პატრიარქს, აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება”.
გპასუხობთ: ასეთი მსჯელობა, სხვა არაფერია თუ არა უსირცხვილო სპეკულაცია და მიზანმიმართული პროვოკაცია, როცა კათოლიკოს-პატრიარქის ავტორიტეტს სხვათა განეიტრალებისა და მარგინალიზებისათვის იყენებთ, რათა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მომხრე ქართველი მღვდელმთავრების დისკრედიტაცია მოახდინოთ და შექმნათ მზაკვრული სტიგმა, რომლის მიხედვითაც ის ვინც მოძმე უკრაინელებს მხარს უჭერს, კათოლიკოზ პატრიარქის მიმართ კონფრონტაციაში დაადანაშაულოთ, რაც ძალზე ცბიერი და უტიფრული მცდელობაა!

თქვენ განაცხადეთ: “საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, გადაწყვიტა არ წასულიყო კრეტის კრებაზე და ჩვენ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობის ნიშნადაც მივიღეთ ასეთივე გადაწყვეტილება, რომ არ წავსულიყავით ამ კრებაზე”.
გპასუხობთ: ეს არის მორიგი ინსინუაცია და ცილისწამება, რამეთუ ყველას კარგად გვახსოვს 2016 წლის სინაქსისის პერიპეტიები, მაშინ, როცა რუსეთის პატრიარქმა კირილემ ობსტრუქციები მოუწყო თავის კოლეგებსა და ძმებს. თქვენი საყდარის დელეგაცია იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დესტრუქციული და მეამბოხე სულისკვეთების, სადაც მონოლოგის რეჟიმში ყველანი ისმენდნენ თქვენს აღვირახსნილ ზრახვებსა და ყეყეჩობას – “იტყოდეს თავთა თვისთა ბრძენ და განცოფნეს” (რომ. 1,22). თქვენ, თავს იტყუებთ და ცდილობთ ჩვენ გადმოგვაბაროთ პასუხისმგებლობა თქვენს მიერ დაგმობილ და გარკვეულწილად თქვენგან დაზიანებულ კრეტის კრებაზე, სადაც სწორედ თქვენივე კონსპირაციული თუ კონფიდენციალური დირექტივისა და შანტაჟირების გამო, საქართველოს ეკლესიის ეპისკოპატი აღარ გაემგზავრა დაგეგმილი ვიზიტით ხსენებულ ფორუმზე, რაზედაც ცოდვა სწორედ თქვენს ადმინისტრაციასა და საქართველოში არსებულ თქვენსავე “მეხუთე კოლონას” აწევს. დიახ, სწორედ თქვენი მიზანია, რომ იზოლაციაში მოვექცეთ და დავსუსტდეთ, მაგრამ ვერ მოგართმევთ, რადგან მთლად ასე უბადრუკადაც არ ბნელა!

თქვენ განაცხადეთ: “საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლურ დიპტიქებში მეექვსე ადგილს მოითხოვს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქში ის მეექვსე ადგილს იკავებს. ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინეპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქში საქართველო იკავებს მეცხრე ადგილს და ამ საპატრიარქოში არავინ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხს გადახედოს. აი, ამ ფაქტების ერთობლიობა ნაკლებსავარაუდოს ხდის იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ, ოდესმე, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მღვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით”.
გპასუხობთ: სამწუხაროდ, აქაც თვალთმაქცობთ და დიპლომატიურად ინიღბებით, რამეთუ თუკი ისტორიულ მოცემულობას გადავხედავთ, პრესვიგენული ეკლესიების შემდეგ, სწორედ ჩვენ გვეკუთვნის მეხუთე ადგილი და არა თქვენ, რომელთაც უზურპაციის გზით ჩვენივე საფეხური მიიტაცეთ! და კიდევ, რა უნდა იყოს იმაზე უფრო დიდი დაცემა, როცა თქვენსავე განმანათლებელ დედა-ეკლესიას (კონსტანტინეპოლის მსოფლიო საყდარს) უძღები შვილივით მოექეცით და მორწმუნეთა დამწყემსვის ნაცვლად, “ღორების მწყემსად” ყოფნა ირჩიეთ. იმედს ვიტოვებ რომ ოდესმე მამასთან დაბრუნდებით და ახალ სამოსელს ჩაიცვამთ. ოღონდ თქვენ შეინანეთ და ბეჭედი და ნასუქი ხბო (იხ.იგავი “უძღებ შვილზე”) ჩვენზე იყოს!

ანაქსიოს! ანაქსიოს! ანაქსიოს!

გიორგი ტიგინაშვილი (თეოლოგი).

banner
წინა სტატიაშიევაკუაცია თბილისის 147-ე სკოლაში
შემდეგი სტატიარუსული ეკლესია აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას – გოცირიძე