“დეზერტირი მიტროპოლიტი. ხოლო სასყიდლით დადგინებული, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს. სასყიდლით დადგინებული იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები” (ბიბლია, ინ. 10, 12-13).
მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) “ღვთივრჩეულობასთან” დაკავშირებით მახსენდება მისი რუსოფილი დეკანოზის – ანდრია ჯაღმაიძის რეპლიკა შეკითხვაზე: -“სად იყო მეუფე შიო 2008 წლის აგვისტოში? – სად და პატრიარქის გვერდით, ყველაზე სარისკო რეგიონში”.
რატომღაც ავიწყდებათ, ან შეგნებულად არ ახსენებენ იმ ვალდებულებებს, რომელიც ასეთ ექსტრემალურ თუ ფორსმაჟორულ ვითარებაში ადგილობრივ მღვდელმთავარს ეკისრება საკუთარი ეპარქიის სამწყსოს მიმართ, რადგან დაირღვა მოციქულთა 14-ე და 58-ე კანონები, ასევე ანტიოქიის 21-ე. სახარებისეული მორალის, სინდისისა და მართვა-გამგეობის დებულების თანახმად ნებისმიერი წევრი სინოდისა ვალდებულია იყოს გაჭირვებაში მყოფი, საკუთარი მრევლის მხარდამხარ. მითუმეტეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქ სენაკს, გორზე და ნიქოზზე არანაკლები განსაცდელი გადახდა, რაც გამოიხატა აეროდრომის აღებაში, სამხედრო ბაზის ძარცვაში, მოროდიორობაში, მოსახლეობის დაწიოკება-დატყვევებაში და ა.შ. ამ სიტუაციაში კი დეზერტირი მიტროპოლიტი შიო არათუ ყველაზე “სარისკო რეგიონში”, არამედ პირიქით, სწორედაც, რომ ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ ადგილას (მთელი ომის მანძილზე თბილისში და რამდენიმე საათით გორში კათალიკოს-პატრიარქთან ერთად) იმყოფებოდა იმ უმძიმეს დღეებში, რომელსაც იცავდა როგორც ცალკე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ისე რუსეთის გენერალიტეტი.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ გენერალ ბორისოვისა და მოსკოვის საპატრიარქოს შუამავლობით, ილია II-ის და მისი თანმხლები პირების უსაფრთხოება გარანტირებული იყო რუსეთის სამხედრო ელიტასთან და იმ ბატალიონებთან, რომელიც ადგილზე გვეომებოდნენ. ისინი არც ტყვიებისა და რაკეტების ზუზუნში მოყოლილან, არც სანგარში და არც საბრძოლო ველზე! ასე, რომ ეს ყოვლადუსუსური პიეტეტი, ვითომ გამამართლებელი “არგუმენტი” და “მტკიცებულება”, პირიქით, მეუფე შიოს ღირსებისა და მისი რეპუტაციის საწინააღმდეგოდ მიუთითებს მხოლოდ. და როდესაც უცნობი და მისნაირი პროპაგანდისტები ახსენებენ სიტყვა “ღალატსა და მოღალატეებს”, გახსოვდეთ, რომ ეგ სიტყვები ყველაზე უფრო მეტად მიტრ. შიოს კოლაბორაციონისტურ, ეგოისტურ და ლაჩრულ საქციელს მიესადაგება!
“მწყემსობა ნიშნავს სულების მოვლას საფრთხის შუაგულში და არა უსაფრთხო ადგილიდან მართვას” – წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
P.S. ფაქტია რომ მიტროპოლიტ შიოსგან განსხვავებით თავისი ეპარქია (ნიქოზისა და ცხინვალის) და მონასტერი წუთით არ დაუტოვებია მეუფე ისაიას, რომელიც დღემდე ერთგულად, ვაჟკაცურად და პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი სამწყსოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს”,- წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.














