„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოითხოვა, რომ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა და ოპოზიციონერთა პოლიტიკური განცხადებები მტკიცებულებებად არ იქნეს ცნობილი.
სიორიძის განცხადებით, მმართველი გუნდის სარჩელი სწორედ პოლიტიკურ განცხადებებსა და საგამოძიებო კომისიის დასკვნას ეყრდნობა, რომელსაც ნორმატიული შინაარსი არ გააჩნია.
„საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლებრიობა საერთოდ არ არის ნორმატიული, უფრო მეტად პოლიტიკური აქტია… ჩვენი შუამდგომლობაც არის, რომ ეს საგამოძიებო დასკვნა არ იქნას მტკიცებულებად დაშვებული, ისევე, როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რის გამოც აპირებენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში აკრძალონ“, — განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ ზეპირ განმწესრიგებელ სხდომაში, სადაც ასეთი პროცედურული და სამართლებრივი საკითხები წინასწარ უნდა განხილულიყო.

















