4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

გიორგი სიორიძე: „პოლიტიკური განცხადებებით აპირებენ ოპოზიციის გაქრობას — წულუკიანის კომისიის დასკვნა მტკიცებულებად არ უნდა მიიღონ“

ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე საქმის განხილვისას წულუკიანის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნისა და პოლიტიკოსების განცხადებების მტკიცებულებებად მიღებას ეწინააღმდეგება.

როგორც სიორიძემ განაცხადა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც მისი შეფასებით, სარჩელში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ნორმატიული ხასიათის არ არის და პოლიტიკურ აქტს წარმოადგენს.

„ჩვენი შუამდგომლობაა, რომ ეს საგამოძიებო დასკვნა მტკიცებულებად არ იქნას დაშვებული, ისევე როგორც ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, რის გამოც „ქართული ოცნების“ დეპუტატები აპირებენ, პოლიტიკური ოპოზიცია ამ ქვეყანაში გააქრონ, უფრო იურიდიული ტერმინით რომ ვთქვა, აკრძალონ“, — განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 29-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულება ინფორმაციის შემცველი ობიექტია, რომელიც ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ან უარყოფს. სიორიძის თქმით, სასამართლოს აქვს დისკრეცია, გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა კონკრეტული მასალა მტკიცებულებად.

სიორიძემ ასევე გააკრიტიკა სარჩელში სოციალურ ქსელებში გავრცელებული ბმულებისა და პოლიტიკოსების განცხადებების მტკიცებულებებად წარმოდგენა. მისი შეფასებით, გაუგებარია ზღვარი პოლიტიკურ განცხადებებსა და სამართლებრივად რელევანტურ მტკიცებულებებს შორის.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო განმწესრიგებელ სხდომაში და მაშინ დაეფიქსირებინა პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საქმე ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას ეხება.

გიორგი სიორიძემ ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ მასში საგამოძიებო კომისიის დასკვნის ნორმატიული შინაარსის არქონაზეა საუბარი.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს.

banner
წინა სტატიაშითეონა აქუბარდია: „ზურაბაშვილის დანიშვნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეებს ზრდის“
შემდეგი სტატიაგერმანიის საგარეო უწყება „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს