„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადება შეაფასა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროკომისარი გაფართოების პერსპექტივებზე საუბრისას საქართველოს საერთოდ არ მოიხსენიებს, მმართველი პარტიის საგარეო კურსის პირდაპირი შედეგია.
სიორიძის განცხადებით, საქართველომ დაკარგა ის ლიდერის პოზიცია, რომელიც მას რეგიონში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ეჭირა.
„რამდენიმე წლის წინ საქართველო მოწინავე იყო უკრაინისა და მოლდოვის სამეულში. დღეს, სამწუხაროდ, საქართველომ ეს შანსი და პერსპექტივა დაკარგა. მაშინ, როდესაც გაფართოებაზე საუბრობს ევროკომისარი, საქართველოს არც კი ახსენებს — ეს არის „ქართული ოცნების“ ანტიევროპული, ანტიდასავლური პოლიტიკისა და რიტორიკის შედეგი. მათ დაწვეს ყველანაირი ხიდი ევროკავშირთან და მის წევრ სახელმწიფოებთან“, — განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების განცხადებები ევროინტეგრაციის პროცესის სავარაუდო განახლებასთან დაკავშირებით რეალობას არ შეესაბამება.
„ნებისმიერი მათი განცხადება 2028 წელს განაცხადის განახლებასთან და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებასთან დაკავშირებით, არის მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმი. საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის განახლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ რეჟიმის ცვლილების შემდეგ“, — აღნიშნა სიორიძემ.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ ევროკავშირში აქტიურდება დისკუსიები ახალი წევრების მისაღებად მომზადების თაობაზე: „გაფართოებული ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი, რათა დაიცვას ჩვენი დემოკრატიული ფასეულობები შინ და უზრუნველყოს ჩვენი ინტერესები გლობალურად“, — აღნიშნა ევროკომისარმა.








