გიორგი სიბაშვილი: „სანიკიძე განათლების კი არა, ცრუ დაპირებების მინისტრი იყო!“

sibashvili„თამარ სანიკიძე აქამდეც უნდა მოეხსნათ, რადგან ის განათლების კი არა, ცრუ დაპირებების მინისტრი იყო,“ – აცხადებს იურდიული კომპანია „GS&BARISERS“-ის დირექტორი, ადვოკატი გიორგი სიბაშვილი, რომელიც „თაიმერთან“ საუბრის დროს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს სკოლის გახმაურებულ დაპირებას იხსენებს.

როგორც გიორგი სიბაშვილი ამბობს, ლამბალოში ახალი სკოლის აშენების პირობა „ოცნების“ ხელისუფლებამ ჯერ კიდევ მაშინ დადო, როცა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი იყო, მაგრამ ეს დაპირება დღემდე დაპირებად არის დარჩენილი.

„ორი წლის წინ, სოფელ ლამბალოში განათლების აწ უკვე ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ღარიბშვილთან ერთად, ლამბალოში ჩავიდა და მოსახლეობას დიდი ზარ-ზეიმით ახარა, რომ სოფელს მალე ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა ექნებოდა, მაგრამ მას მერე ორი წელი გავიდა და სკოლა არ აშენებულა. ლამბალოს არაშენებული სკოლა იმის მაგალითია, რომ ოცნებები არ სრულდება,“ – ამბობს გიორგი სიბაშვილი, რომელიც „თაიმერთან“ საუბრის დროს თამარ სანიკიძეს უფრო მძიმე ბრადებასაც უყენებს და ყოფილ მინისტრს პოლიტიკურ დევნა-შევიწროვებაში ადანაშაულებს.

„თამარ სანიკიძის მინისტრობის დროს, განათლების სამინისტრომ ფუნქცია შეიცვალა და ნამდვილ სადამსჯელო ორგანოდ გადაიქცა – ყველას, ვინც „ოცნების“ ხელისუფლებს მომხრე არ იყო, სამსახურიდან აგდებდნენ,“ – განუცხადა „თაიმერს“, ადვოკატმა გიორგი სიბაშვილმა, რომელიც განათლების სამინისტროდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული არაერთი ადამიანის უფლებებს სასამართლოში იცავს.

სანიკიძის პოლიტიკურ წმენდას, როგორც სიბაშვილი ამბობს, პირადად მისი ოჯახის წევრებიც შეეწირნენ – მის მეუღლეს, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის რიგითი სპეციალისტი იყო, ხელშეკრულება მხოლოდ იმიტომ აღარ გაუგრძელეს, რომ სიბაშვილის მეუღლე იყო, ხოლო მისი ძმისშვილი, ოთარ სიბაშვილი, რომელიც განათლების ხარისხის მართვის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო, სამსახურიდან სრულიად  უსუსური ბრალდებით გაათავისუფლეს – თანშრომლების მოსვლა-წასვლის აღრიცხვის ტაბელს არასწორად აწარმოებდითო. ამ საქმეზე, როგორც „თაიმერისთვის“ გახდა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა უკვე 2 წელია, მიმდინარეობს და მორიგი სასამართლო სხდომა 28 ივნისს გაიმართება.

ადვოკატი გიორგი სიბაშვილი დარწმუნებულია, რომ სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული სხვადასხვა სსიპი-დან ადამიანთა პოლიტიკური ნიშნით დთხოვის ბრძანებას თავად თამარ სანიკიძე გასცემდა.

გარდა ამისა, სიბაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაბამისმა უწყებებმა, თუ იგივე ლამბალოს სკოლის ყბადაღებული პროექტით დაინტერესდებიან, სერიოზული ფინანსური დარღვევებიც აღმოაჩინონ.

 

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ჯეჯელავა: ყველაფერს გამოვიყენებთ, რაც აქამდე აშენდა და ზემოდან კიდევ ბევრ კარგ რამეს დავაშენებთ
შემდეგი სტატიაქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა