პრობლემა არაფორმალურ მმართველობაშია. პრობლემაა იმაშიც, რომ ასეთი თანამდებობის პირები პოსტებს ისე ტოვებენ და ინიშნებიან, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან. ეს ერთი ადამიანის კონკრეტული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, „ამ მანკიერი სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი „ოცნების“ არც ერთ ლიდერს არ აქვს“.
“არავის ახსოვს ანრი ოხანაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ თანამდებობაზე ქება-დიდებით იყო დანიშნული, თუმცა რამდენიმე თვეში პოსტიდან მოხსნეს. სავარაუდოდ ასე მოხდება მამუკა მდინარაძის შემთხვევაშიც. შესაძლოა, მამუკა მდინარაძეს ანრი ოხანაშვილზე მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებთან საერთო არ აქვს. ეს ყველაფერი ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველის ინტერესებს ემსახურება, რომელიც ადამიანს გენერალ-მაიორის წოდებას მიანიჭებს და როცა უნდა, კოორდინატორად დააქვეითებს. ამ მანკიერი სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი „ოცნების“ არც ერთ ლიდერს არ აქვს“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.














