14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

გიორგი შარაშიძე შუალედურ არჩევნებზე: დიდი ალბათობით, მონაწილეობას მივიღებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 3 ოქტომბერს დაგეგმილ მუნიციპალიტეტების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პოლიტიკური საბჭოს სხდომას 17 აგვისტოს გამართავს და საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს.

პარტიის წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, არჩევნები ხელისუფლების ცვლილებისა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარების უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტრუმენტია:

„ჩვენი მიდგომიდან გამომდინარე, რადგან არჩევნები უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ინსტრუმენტია, დიდი ალბათობით, ამ არჩევნებშიც მივიღებთ მონაწილეობას. თუმცა რომელ ოლქებში, რომელი კანდიდატებით და ასე შემდეგ — ამასთან დაკავშირებით ორშაბათს პოლიტიკური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, — აღნიშნა შარაშიძემ.

კითხვაზე, განიხილება თუ არა „ლელოსთან“ თანამშრომლობა, როგორც ეს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა, შარაშიძემ განაცხადა, რომ ამ მოდელს არ გამორიცხავს:

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არჩევნები მხოლოდ ოთხ ოლქში ტარდება, რაც რეალურად კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთ დეპუტატს ნიშნავს, არ ვიცი, ვნახოთ. დღეს რომ გითხრათ, იგივე ვითარებაა, რაც 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს იყო, ასე არ არის. თუმცა გამორიცხული ნამდვილად არაფერია“, — განაცხადა შარაშიძემ.

3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება.

ცესკო-ს ცნობით, არჩევნებით დაინტერესებულმა კვალიფიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით 17 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიმართონ.

banner
წინა სტატიაშითენგო თევზაძე: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა აუცილებლად გახდება გამოძიების საგანი
შემდეგი სტატიაომის ახალი მონაცემები: რუსეთის დანაკარგმა უკრაინაში 1.4 მილიონ სამხედროს გადააჭარბა