პარლამენტში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ „ქართული ოცნება“ მწვავედ გააკრიტიკა. დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციის მიმართ ძალადობრივ მეთოდებს იყენებს და განსხვავებული აზრის მიმართ აგრესიითაა განწყობილი.
გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.
„კაცობაზე და ვაჟკაცობაზე ხომ გველაპარაკებიან, სადაური წესია 89-12-ის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაული. ვაპირებთ, სამართლებრივი რეაგირება მოვითხოვოთ. აბა, რას ვიზამთ, ამას ასე ხომ არ დავტოვებთ. ყველას თავისი სახელი უნდა დაერქვას. გადავხედავთ და ვნახავთ, ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, თუ ვინ დაიწყო ძალადობა. ომს თუ გამოგვიცხადებენ და გვეტყვიან, მოდით, ვნახოთ, ვინ უფრო მაგარია, ვინ მოერევაო. ჩხუბი მორევაზეა და კი ბატონო, გვეცოდინება ჩვენც, რომ საჩხუბრად შემოვედით პარლამენტში და არა პოლიტიკური სიტყვისთვის, განსხვავებული აზრის სათქმელად. ეს არის სამწუხარო რეალობა. დღესვე შევიკრიბებით და მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.















