პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე საკადრო პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა გახდეს, „ენმ“ ზნესა და ფერს არ იცვლის. მისი თქმით, პარტია ოპოზიციაში ყოფნისასაც კი მკაფიოდ ავლენს არაფორმალური მმართველობის ნიშნებს.
შარაშიძემ პარალელი „ქართულ ოცნებასთან“ გაავლო და აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენები კარგი ტესტია ამომრჩევლისთვის, რათა მომავალში სწორი გადაწყვეტილება მიიღოს:
„არაფორმალური მმართველობის გამოხატვა ის არ არის, რაც ამ პარტიაში ხდება? „ოცნების“ არაფორმალურ მმართველობაზე როცა ვსაუბრობთ, „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდეს, ოპოზიციაში რომ არიან, ხალხს არაფორმალურ მმართველობას იქ აჩვენებენ და ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მერე რას იზამენ? ნანუკა ჟორჟოლიანი კი არა, ამ პარტიის თავმჯდომარე ვინც არ უნდა გახდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება“, — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.















