„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულად მოქმედებს „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ და ამ პროცესს რეალურ ოპოზიციურ მოძრაობასთან კავშირი არ აქვს.
დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა გვარამიაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
შარაშიძის შეფასებით, მმართველი გუნდი ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე შიდა დაპირისპირებას საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს. „ოცნება“ დღეს დგას „ნაციონალურ მოძრაობაზე“. ჩვენთვის, როგორც „ოცნება“ არის კორუმპირებული, ასევე, ოპოზიციის ეს ნაწილი — „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი დანაყოფები კორუმპირებულები არიან.
საკუთარი შიდა დაპირისპირება გარეთ გამოაქვთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორედ ამ გარემოებას. ერთი მხრივ, გვაქვს ლუსტრაციის პროცესი „ოცნებაში“, სადაც ვხედავთ, მოქმედი თუ ყოფილი წევრები როგორ ასმენენ ერთმანეთს. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ ჩვენთვის ეს ორი ძალა ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ერთიც კორუმპირებულია და მეორეც“, — განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ ნიკა გვარამიას მისამართით განაცხადა, რომ მან „მიშას რესურსზე კაპიტალიზება მოახდინა“. წითლიძის თქმით, როდესაც გვარამია „მთავარი არხის“ დირექტორი იყო, ის „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ მმართველს წარმოადგენდა და ბევრ პროცესზე იღებს პასუხისმგებლობას.








