გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე განაჩენი 13 ნოემბერს გამოცხადდება

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2020 21:00

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვნების ეპიზოდზე განაჩენი 13 ნოემბერს გამოცხადდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების ეპიზოდზე განაჩენს მოსამართლე 13 ნოემბერს 15:00 საათზე გამოაცხადებს. საქმეზე არსებითი განხილვა დღეს დასრულდა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა დაასრულა. მხარეებმა ასევე ისარგებლეს რეპლიკით, ხოლო კანონში კონფლიქტში მყოფმა პირებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.

დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

„ჩვენ არ ვახდენთ ფაქტების ინტერპრეტირებას. ჩვენ მოვახდინეთ კონკრეტული მოწმის ჩვენებების ციტირება და მივუთითეთ კონკრეტული დრო, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები უთითებენ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც გამორიცხავს წარდგენილ ბრალს. შესაბამისად, განსხვავდება ინტერპრეტაცია და ციტირება მათ მიერ სასამართლოში დაფიქსირებული ფრაზებისგან. ბრალდების მხარეს აღნიშნული დასკვნითი სიტყვა გადაცემული აქვს და შეუძლიათ, დეტალურად გაეცნონ იქ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარეს დავუსვი კითხვა, ერთი მტკიცებულება დაასახელონ ბრალდებულ ნიკოლოზ ცუცქირიძესთან მიმართებით, რომელიც დაადასტურებს მის მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში ხიდის ეპიზოდზე. ამაზე პასუხი რეპლიკის დროს ბრალდების მხარისგან ვერ მივიღე.

როცა ბრალდების მხარე ამბობს, რომ მას აქვს გამართული, მტკიცებულებებით გამყარებული სისხლის სამართლის საქმე, რატომ ვერ მოაქვს იმის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება, რომ ნიკოლოზ ცუცქირიძე ხიდის ეპიზოდში ჩართული იყო დაპირისპირებაში და ის ფიზიკურად გაუსწორდა კონკრეტულ პირს. როცა ასეთ კითხვაზე ბრალდების მხარე პასუხს ვერ სცემს, არც სასამართლოს არ აქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

ბრალდების მხარეს შეიძლება, რაღაცის მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებიდან გამომდინარე, ვერ მექნება მოლოდინი, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. გამამტყუნებელ განაჩენს სჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ, როცა ბრალდების მხარეს არ შეუძლია, ერთი მტკიცებულების წარმოდგენაც კი – მტკიცებულებათა ერთობლიობაზე საუბარი ზედმეტია, ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს არ ველოდებით“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის განაცხადებით, აღნიშნული მოცემულობით არასრულწლოვნების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ელოდებიან.

„დაცვის მხარის ბოლო წარმომადგენლებმა დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. მოგახსენებთ, რომ ამ დასკვნაზე ჩვენი მოლოდინი არ იყო მაღალი. ჩვენი იმედი გამართლდა, ვინაიდან დამცველი საუბრობდა ფაქტებზე, დეტალებზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობდა და მხოლოდ სასურველის რეალობად წარმოჩენის მცდელობა იყო, რომელიც დაუსაბუთებელი იყო. ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი რეპლიკა. კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი.

ჩვენი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ ბრალდებაში ყველა პირთან მიმართებით, ვინაიდან მასალების გონივრული შეფასების საფუძველზე წარმოუდგენელია, სხვა მოლოდინი იყოს, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

region
ავტ.: region ნოემბერი 11, 2020 21:00