27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

გიორგი შაიშმელაშვილი: რუსული სათვალთვალო სისტემების შეძენა აჩენს რისკს, რომ საქართველოს მოქალაქეების მონაცემები ФСБ-ს ხელში აღმოჩნდეს

საქართველოს ხელისუფლება 2013 წლიდან იყენებს მოსკოვში დაფუძნებული კომპანიის სახის ამომცნობ ტექნოლოგიას, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან (ФСБ). აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch-ი საკუთარ გამოძიებაში ავრცელებს.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველომ ამავე კომპანიისგან დამატებითი სათვალთვალო სისტემებიც შეიძინა, ხოლო 2018 წელს რუსმა ინჟინრებმა შსს-ს თანამშრომლებს ტექნოლოგიის გამოყენების ტრენინგები ჩაუტარეს. ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ რუსეთის კანონმდებლობის გამო, მოქალაქეთა მონაცემებზე წვდომა რუსულ სპეცსამსახურებსაც ჰქონდეთ.

აღნიშნულ კვლევას „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი, პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სისტემა საქართველოს მოქალაქეების პერსონალური უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავს.

„კამერა, სავარაუდოდ, აფიქსირებს მხოლოდ, ხოლო ეს სოფტი… ახდენს იდენტიფიცირებას — ადამიანის გამოსახულებას უკავშირებს ბაზაში არსებულ ადამიანთა მონაცემებს… ამ სისტემის შექმნელი კომპანია დასანქცირებული ჰყავს აშშ-ს უკრაინაში იმ ტიპის საქმიანობისთვის, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯაშუშურ საქმიანობასთან. ასეთი სისტემის შესყიდვა მტრული სახელმწიფოსგან, ცხადია, რომ აჩენს რისკებს, რომ ჩვენი პერსონალური ინფორმაცია, ყველა იმ ადამიანის, რომელიც ამ კამერის ქვეშ შეიძლება მოხვდეს, ФСБ-ს ხელში აღმოჩნდეს“, — აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი ტვ პირველთან.

მისივე განმარტებით, ტექნოლოგია მუშაობს ღრმა სწავლების (Deep Learning) მიმართულებით და დიდი მოცულობის მასალის, მათ შორის სახის ნაკვთების დამუშავებით, ადამიანის ზუსტ იდენტიფიკაციასა და ვერიფიკაციას ახდენს, რაც შსს-ში დაცულ მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს დაუცველს ხდის.

banner
წინა სტატიაშიავტომანქანების გაქურდვის ბრალდებით პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაგენო თებიძე: “ლელო” 2017 წლიდან ახორციელებს პროექტს უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად, დღეს კი მათთვის “ოცნებამაც” მოიცალა