გიორგი რურუას საქმეზე დაცვის სამი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულ გიორგი რურუას საქმის განხილვა გაიმართა. სხდომაზე დაცვის მხარის სამი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, ის სამართალდამცველები, რომლებიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

ადვოკატების განცხადებით, მოწმეებმა სასამართლო დარბაზში ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს.

„ზოგადად, როგორც ტრადიციაა, ისე გრძელდება, ყველა მოწმე ვინც პოლიციის ტანამშრომელია, ურთიერთსაპირისპირო ჩვენებას აძლევს. ეს მეტყველებს, რომ საქმე გაყალბებულია. ბოლო მოწმე უშუალოდ მონაწილეობდა ოპერაციაში, სადაც რურუას დაკავება მოხდა. მოწმემ ისაუბრა იმ გარემოებებზე, როგორ მოხდა დაკავება, მაგრამ 80 პროცენტი არაფერი არ ახსოვდა, როგორც სხვა პოლიციელებს. აქედან გამომდინარე თვალნათელია, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური, ეს ადამიანი არის პოლიტიკური მსხვერპლი. საქმე იძლევა საფუძველს, რომ ეს საქმე შეწყვეტილი იყოს, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე ვღებულობთ იმას, რა შედეგიც არის, პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება გიორგი რურუა. თითქმის ბოლოში ვართ გასულები, დაცვის მხარე ორ-სამ პროცესში ამოწურავს თავის მტკიცებულებების წარდგენას“, – განაცხადა ადვოკატმა, ლევან სამუშიამ.

ბრალდების მხარის განცხადებით, მოწმეებმა რამე ახალი არსებითი გარემოებები ვერ დაადასტურეს.

„დ​აიკითხა სამი მოწმე, სამივე იყო პოლიციელი. ერთ-ერთი პირი ესწრებოდა გიორგი რურუას პირადი ჩხრეკისა და დაკავების ღონისძიებას. ამ მოწმემ რამე არსებითი ან განსხვავებული ჩვენება არ მოგვცა, უბრალოდ ის ჩვენება დაადასტურა, რაც გვქონდა ჩვენ მანამდე. მოწმე დავით დავით დვალიშვილმა მოგვახსენა, რა ვითარებაში, როგორ მიმდინარეობდა ჩხრეკა, სად მიმდინარეობდა, რა დროით მიმდინარეობდა. დვალიშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩატარდა პირადი ჩხრეკა და დაადასტურა ის გარემოებები, რაც სხვა მოწმეებსაც აქვთ მიცემული. რაც შეეხება დანარჩენ ორ პოლიციელს, ისინი რამე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილებას არ იღებდნენ, ტექნიკური დეტალებს აგვარებდნენ, რომელიც შეეხებოდა პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან იზოლატორში გიორგი რურუას გადაყვანას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნამდვილად დადასტურდება წარდგენილი ბრალდება, თუმცა ამაზე მსჯელობა სასამართლომ უნდა მოახდინოს მაშინ, როდესაც ბოლომდე დასრულდება მტკიცებულებათა გამოკვლევა“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაში” საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”
შემდეგი სტატიასასწრაფო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს დღეიდან ხელფასები 100 ლარით გაეზარდათ