საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებული გიორგი რურუა პირველ კომენტარს აკეთებს. რურუამ დაადასტურა, რომ მან მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები აღიარა და საპროცესო შეთანხმებას ხელი მოაწერა. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა ოჯახისა და მცირეწლოვანი შვილის გამო გადაწყვიტა.
რურუამ აღნიშნა, რომ საპატიმროში ყოფნა რთული გამოცდა იყო, თუმცა ეს პერიოდი ღირსეულად გაიარა:
„ვისაც ოჯახები ჰყავს, ძნელია ერთ ოთახში გამოკეტილი ჯდომა, მაგრამ ყველაფერს გავუძელით. ვფიქრობ, ყველაფერს ვაჟკაცურად გავუძელით. ყველას, ვინც საპყრობილეში რჩება, ვუსურვებ თავისუფლებას. მათ ოჯახებს მშვიდობას ვუსურვებ.
ჩემს წინააღმდეგ რა მტკიცებულებებიც იყო, ვაღიარე, დავთანხმდი და საპროცესო შეთანხმებას მოვაწერე ხელი. ამ გადაწყვეტილების მიღება არ არის რთული, როდესაც გარეთ 3 წლის შვილი გელოდება, ამ დროს რთული არაფერი არ არის“, — განაცხადა გიორგი რურუამ.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას რურუამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს იტყვის, თუმცა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი პირველი ნაბიჯი რელიგიური ხასიათის იქნება:
„ახლა არ შემიძლია გითხრათ რას ვაპირებ. პირველ რიგში, მინდა პატრიარქის საფლავზე მისვლა, სანთელს დავანთებ და მერე გამოჩნდება“, — აღნიშნა მან.














