გიორგი რურუა: რუსეთის ხელისუფლებაც ამავე მეთოდებით ებრძვის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მთავარი არხის მეწილის გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გიორგი რურუას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ზოგ მედიაში მის წინააღმდეგ დეზინფორმაცია ვრცელდება. მისივე თქმით, ის მზადაა ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

“მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლებაც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს ამავე მეთოდებით ებრძვის. ასე ებრძოდნენ НТВ -ს, ასეთივე მეთოდებით ებრძოდნენ ნემცოვს, კარამუზას, მაგნიცკის, ესტემიროვას და პოლიტკოვსკაიას. ზოგ ადამიანს დააბრალეს მკვლელობა, ზოგ ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაუვრცელეს, ზოგს პედოფილიაში დასდეს ბრალი. ამით ხელისუფლება ცდილობს დაბნეულობის შემოტანას ჩვენში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და არ ემსახურება სიმართლის დადაგენას”,- თქვა რურუამ სასამართლოზე.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

მოგვიანებით მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი განაცხადა.

რურუა ბრალს არ აღიარებს.

მისი გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა – ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებასაც ითხოვენ.

2020 წლის 8 მარტს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ხელი მოწერა ხელშეკრულებას, რომელიც ორნაწილიანია და ერთი მხრივ, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მეორე მხრივ კი საარჩევნო სისტემის შეცვლას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მანდატების 120/30-ზე განაწილებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება, ტესტის ჩატარება პოლიკლინიკებშიც იქნება შესაძლებელი – გამყრელიძე
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე-ერთიანი ძალებით უნდა ვიბრძოლოთ ამ რეჟიმის შესაცვლელად,