გიორგი რამაზაშვილი: „მძიმე დღეები გვიდგას ქართველ ემიგრანტებს იტალიაში“

ქართველი ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილი კი ემიგრაციაში რჩება და ჩვეულებრივად მუშაობს. მათი ყოფა არ არის მარტივი, მაგრამ ცდილობენ, რომ პანიკას არ აჰყვნენ. გიორგი რამაზაშვილი იტალიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა სამუშაოდ. ის ტარანტას პროვინციაში, ქალაქ კასტელანეტაში მუშაობს. ეს რეგიონი ერთ-ერთი პირველი შეიტანეს იტალიელებმა წითელ ზონაში. გიორგი „თაიმერთან“ საუბარში ამბობს, რომ ქართველები იტალიაში ზედმეტი პანიკის გარეშე ცხოვრობენ და საქართველოში დარჩენილ ახლობლებს ამშვიდებენ.

– გიორგი, თქვენ რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი ხართ, კარგად მღერით, არაერთი შემოქმედებითი საღამო გაქვთ გამართული. ეს შემოქმედი ადამიანი როგორ აღმოჩნდით იტალიაში, სადაც, როგორც ვიცი, ერთ-ერთ ოჯახში დამხმარედ მუშაობთ?
– პირველ რიგში მივესალმები „თაიმერის“ მკითხველებს და მინდა საუბრის დასაწყისშივე სრულიად საქართველოს ვუსურვო ამ განსაცდელის დაძლევა და მხნეობა. ახლა რაც შეეხება იმას, თუ როგორ აღმოვჩნდი იტალიაში. მოგეხსენებათ დღევანდელი მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისა, თუ რაოდენ გაჭირვებით გაგვაქვს თავი მოსახლეობას! საერთოდ, არ მინდოდა სამშობლოს დატოვება და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას არ დამეტოვებინა. ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხე, ძალიან ბევრს ვთხოვე სამსახურთან დაკავშირებით დახმარება. მზად ვიყავი მეეზოვედ ან ავტობუსის კონტროლიორად მემუშავა. ვიმუშავებ, არაფერს არ ვითაკილებ, ოღონდაც არ გამაქციოთ მეთქი საქართველოდან, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
როგორც ძალიან ბევრი ქართველი მეც ასე გავუდექი იტალიის გზას. მადლობა უფალს, აქ მყავს დიდი საახლობლო და ძალიან ბევრი ადამიანი დამეხმარა. ჩვენი თუშები ბევრნი არიან აქ და ყველა შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა. თავიდან, 5 თვე ვიყავი უმუშევარი, მაგრამ, ასე ვთქვათ, ეს სულაც სულაც ვერ ვიგრძენი, რადგან გვერდში დამიდგნენ ქალაქ ბარიში მყოფი ქართველები. ყველამ ვიცით, რამდენად ძნელია უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება. მადლობა უფალს, თანდათან გამოჩნდა სამსახური და დავიწყე მუშაობა.
პარალელულად, არც ჩემს საქმეს ვღალატობ და ემიგრანტის მარწუხებში მოქცეული შეძლებისდაგვარად აქაც ვემსახურები ჩემს საყვარელ ფოლკლორს. აქ არის ქართული დიასპორა, არის ორგანიზაციები შექმნილი, სადაც შეგიძლია აკეთო ქართული საქმე, ოღონდ პირნათლად და გულით. მე ყველასი ვარ, არ ვარ არავის საკუთრება და ყველას მივესალმები ვინც ქართულს საქმეს გააკეთებს. მაქვს ხოლმე მიწვევები ემიგრანტი ქართველების მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე. აქ უამრავი ნიჭიერი ქართველია! მინდა გითხრათ, რომ 2019 წლის ნოემბერში ქალაქ ბარიში მოეწყო ჩემი შემოქმედებითი საღამო .„დე, შენა – თუშეთ…“.
ლექსების ორი კრებული მაქვს გამოცემული და ერთ –ერთ კრებულს სწორედ ასე ვუწოდე „დე, შენა – თუშეთ…“. ეს ლექსის სათაურია. დედაჩემის – ციური ბასხაჯაურის ხსოვნას მივუძღვენი ეს წიგნი. საზოგადოებამ იცის უკვე, რომ ძირითადად ვწერ თუშური დიალექტით, ასევე ვწერ ლიტერატურული ქართულით… ლექსი ისეთი რამეა, ვერ დაგეგმავ, როცა როგორ უნდა ისე დაგაწერინებს თავს. ახლო მომავალში გამოვა ახალი კრებული, სადაც „დიალექტური“ ლექსებია შესული.
ახლა გარმონს რაც შეეხება. როდესაც ვყვები ხოლმე თუ როგორ ვისწავლე მასზე დაკვრა, ბევრს არ სჯერა. მე გარმონის დაკვრა ვისწავლე ნიკელის საწოლის „სეტკაზე“, ქვედა მხარეს ხომ გასდევს რკინის კონსტრუქცია, ხოდა იმ „სეტკას“ რკინაზე ვატყაპუნებდი და მელოდია გამომყავდა. შემდეგ თუ სადმე მოვხვდებოდი სტუმრად და გარმონს მოვიხელთებდი, იქ ნასწავლი გადამქონდა და აი, ასე ვისწავლე მასზე დაკვრა.
გვიჭირდა ოჯახში და მე ვინ მიყიდიდა აბა გარმონს?! თუშეთში სოფელი დარლო მაქვს, სოფელს აქვს შემოწირული გარმონი, რომელიც ხატს შესწირეს… ხოდა იქ რომ ვიყავი, სულ მე მქონდა ის გარმონი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იყო დედამიწაზე. დედა რომ დამეღუპა, 14 წლისა ვიყავი. მას შემდეგ გამზარდა ბებომ (დედის დედამ) თებრო ბასხაჯაურმა. ჩემს შემოქმედებაში ბებოსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მიყვებოდა ხოლმე ძველ ამბებს და ახლა სულ მახსოვს იმის ნაამბობები.
2020 წლის დასაწყისი ძალიან ბედნიერი აღმოჩნდა ჩემთვის, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მხვდა წილად ბედნიერება ვმდგარიყავი პატრიარქის ჩოხოსანთა რიგებში. ასევე დამედო პატივი ჩემს მეგობარ მცხეთელ პოეტებთან ერთად (თენგო ხუციშვილი, ილია ელიზბარაშვილი, ნიკოლოზ ჭიჯაიძე) და მომენიჭა საქართველოს მწერალთა კავშირის ღირსეული წევრობის წოდება.
ხელოვანი ადამიანისთვის მთელი სამზეოს ტოლფასია სიყვარული. მიხარია, რომ მხვდება ადამიანი ქუჩაში და მის თვალებში სიყვარულს ვკითხულობ, ეს არის ჩემთვის ბედნიერება.
– არ გიჭირთ ოჯახში დამხმარედ მუშაობა?
– მე არასოდეს დამიმალავს, რომ იტალიაში ვმუშაობ ოჯახში დამხმარედ, არ მრცხვენია შრომის, ალბათ მომიწევს გარკვეული პერიოდის აქ გატარება და, რა თქმა უნდა, მერე დავუბრუნდები ჩემს ნატრულ და გატანჯულ ქვეყანას. მესამე წელია ერთ ოჯახში ვმუშაობ. იცით, აქ კარგი სამსახური არ არსებობს, სულ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ არ შეილახოს შენი უფლებები. ასე რომ, შენზეა დამოკიდებული როგორი სამსახური გექნება.
– ახლა ალბათ მთავარია ამ კორონას როგორმე გაუმკლავდეთ. მთელი იტალია საშინელ დღეშია. კარგად არც ქართველი ემიგრანტები იქნებით.
– ახლა ძალიან მძიმე დრო გვაქვს იტალიაში, არ მინდა ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვერ ვარიდებ თავს, რამეთუ კორონავირუსმა დიდი ტრაგედია დაატეხა თავს იტალიას. ათასობით ადამიანი დაიღუპა და უფრო მეტი დაავადდა. მადლობა უფალს ქართველები ვმაგრობთ და ვუმკლავდებით ჩვენი ძლიერი იმუნიტეტით ამ ვერაგ დაავადებას. აქ მძიმე კარანტინს გავდივართ…ისე ჩვენი ცხოვრება სულ კარანტინია, მაგრამ ახლა ძალიან რთული პერიოდი გვაქვს.
მხოლოდ ძალიან აუცილებელ მომენტში შეგიძლია ქუჩაში გახვიდე, მუშაობს მხოლოდ მარკეტი და აფთიაქი, ვერ ვხვდებით ერთმანეთს ქართველები, რაც აქ ყველაზე დიდი ტკივილია ჩვენთვის. მე დასვენების დღის გარეშე ვმუშაობ, მხოლოდ ორი საათი მაქვს გასვლის უფლება, ახლა ესეც შეუძლებელია. არ გავალ, არ მინდა. ოღონდაც დამშვიდდეს სიტუაცია და მსხვერპლი შეწყდეს…
– ქართველები ერთმანეთს ვეღარ ვნახულობთო. იმედია ტელეფონიც მაინც ეხმიანებით?
––ახლა მხოლოდ სატელეფონო საუბრებით ვამხნევებთ ხოლმე ერთმანეთს, ვაიმედებთ და ვცდილობთ არ შევიმჩნიოთ ჩვენი დღევანდელობა.
– რა განწყობა აქვთ ემიგრანტებს, შეშინებულები ხომ არ არიან?
– შეწუხებულები ვართ, მაგრამ რაც მთავარია არ ვართ პანიკაში. ვცდილობთ არ შევუშინდეთ ამ ვირუსს.
– რატომ არ უნდა შეუშინდეთ? დაუდევრობა არ გამოგივიდეთ, არაა ეს სახუმარო ვირუსი.
– იმდენად მომაკვდინებელი არ არის ვირუსი, რამდენადაც პანიკა და შიშია ადამიანის გამანადგურებელი. ამიტომ ვცილობთ პანიკა და შიში არ დაგვეუფლოს. ეს ძალიან ცუდ შედეგებს მოგვიტანს.
– კარგია პანიკაში თუ არ ხართ, მაგრამ იმედია თავს კარგად იცავთ.
– თავს როგორ არ ვიცავთ, ამის გარეშ როგორ იქნება?!
– როგორ იცავთ თავს?
– როგორც საჭიროა. მაგალითად, ვიცავთ იმ ჰიგიენურ ნორმებს, რაც ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის. ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და მოთმინებით ველით მიმდინარე მოვლენების დარეგულირებას. მე საქართველოში ორი და მყავს და ტელეფონით ყოველ ჯერზე აქეთ მიწევს მათი დამშვიდება, ისინი უფრო შეშინებულნი არიან.
– მოდი და ნუ შეგეშინდება, ისეთი საშინელი ინფორმაცია მოდის იტალიიდან.
– თქვენი გაზეთით მინდა მივმართო იმ ქართველებს, ვისაც იტალიაში ჰყავს ახლობლები. ეს ვირუსი სწრაფად კი ვრცელდება და მთელ მსოფლიოს მოედო, მაგრამ არ არის საშიში და არც სანერვიულო არაფერი, რაც უწერია კაცს იმას ვერ ასცდება…
– ისიც არის ნათქვამი, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
– რა თქმა უნდა, ყველა ნორმას ვიცავთ, რაც საჭიროა. ამასთან იმედით ვუყურებთ მომავალს. შიში და პანიკა არ გვეკარება, ჩვენ ხომ ქართველები ვართ. რას დაგვაკლებს კორონა ვირუსი? ვერც ვერაფერს!
–როგორ ფიქრობთ, ყველა ემიგრან ასე იმედიანად არის განწყობილი?
– უმეტესობა ასეა. ეს კორონა აუცილებლად გადაივლის და ყველანი ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. მე ისევ გავაგრძელებ ლექსების წერას, ვიღაცა ისევ გააგრძელებს თავის საქმიანობას და ასე ნელ–ნელა ერთმანეთის სიყვარულით და ხელშეწყობით გადავაგორებთ ამ განსაცდელსაც.
– იტალიელებზე რას გვეტყვით, ისინი თუ გამხნევებენ ემიგრანტებს ამ ძნელბედობის ჟამს. ახლა ძალიან უჭირთ. სცალიათ თქვენთვის?
– რაც შეეხება იტალიელებს, მე ასე ვიტყვი, კარგი და ცუდი ყველგანაა. უმეტეს შემთხვევაში, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს, როგორც მოექცევი, ისე მოგექცევიან. მომწონს ეს ერი, არ ეპყრობიან გულგრილად ქართველებს. კარი გაგვიღეს, ოჯახებს ვინახავთ მათი ფულით, რატომ უნდა დავუკარგო სიკეთე, კარგი ხალხია.
მინდა ვისურვო მშვიდობა და ბედნიერება მსოფლიოს, მინდა სიკეთისა და სიყვარულის ქვეყანა იყოს საქართველო, მინდა დავბრუნდეთ და ყველამ ჩვენს ქვეყანაში ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი, მინდა ბედნიერი იყოს საქართველო, უფლის სიყვარული და სიკეთე არ მოეშალოს სრულიად საქართველოს.
ყველანაირად შევეცადე პოზიტიურად დამეხატა ის, რაც დღეს იტალიაში ხდება, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გამომივიდა. იტალიაში ძალიან დაძაბული მდგომარეობაა. დღითიდღე შეუძლებელი ხდება სიტუაციის გაკონტროლება, დიდი მსხვერპლი მოჰყვა ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებას, იტალიამ ყველა რეკორდი მოხსნა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამ ქვეყანაში დაფიქსირდა.
–იტალიელები რას ამბობენ, არ შეიძლებოდა ამ სურათის თავიდან აცილება? ხომ შეიძლებოდა ადრევე მიეღოთ სათანადო ზომები?
– მგონია, რომ ცოტა დააგვიანეს რეაგირება. იტალიის მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად ვფიქრობ, ვირუსის პირველი დაფიქსირებისთანავე რომ მიეღოთ რადიკალური გადაწყვეტილება და გამოეცხადებინათ კარანტინი, ამხელა მსხვერპლი არ მოჰყვებოდა. მოგეხსენებათ რომ სრულ იზოლაციაში ვართ, გარეთ არ გავდივართ. ხალხს ერთმანეთთან კონტაქტი ფაქტიურად აღარ გვაქვს.
ჩვენც ისევე ვიგებთ სიახლეებს როგორც ყველა, მხოლოდ ტელევიზორიდან, არ გვაქვს სხვა არანაირი წყარო ინფორმაციის მოძიებისა, კარანტინია გამოცხადებული. ხალხი დაბნეულია. გაოგნებულები არიან იტალიელები, რადგან ასე უცბათ ამხელა უბედურება დაატყდათ თავს, ექიმები ძალ ღონეს არ იშურებენ პაციენტების გამოსაჯანმრთელებლად, კიდევ მადლობა უფალს ასე თუ ისე მაინც უმკლავდებიან.
ვუყურებ ამ საშინელებას და არ მინდა, რომ იგივე განმეორდეს საქართველოში. შეიძლება ეს ვირუსი იმდენად საშიში არ იყოს, მაგრამ შიშმა და პანიკამ დაღუპოს ადამიანები. მინდა მოვუწოდო ჩემს ქართველებს, როგორც ემიგრაციაში, ასევე საქართველოში მყოფთ, ძალიან გთხოვთ დავიცვათ ყველა წესი, რასაც სამედიცინო პერსონალი გვეუბნება, შევასრულოთ მთავრობის მოწოდებები და დავრჩეთ სახლში, ჩვენ ყველა ერთმანეთს დავეხმაროთ და გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ქართველ ექიმებს, მათ შესძლეს შეუძლებელი და დაანახეს მსოფლიოს ერთობლივი ძალა.

ავტორი:შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში“ფონდი მომავლისთვის” ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია “შეიძინე ერთით მეტი” მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასაგარეჯოს საავადმყოფოს საკარანტინო სივრცისთვის ამზადებენ