გიორგი ქობულია – 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად 50 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგია მიზნად ისახავს სამ მიმართულებას: სამუშაო ადგილების შექმნა, ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარება, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი ქობულიამ დეპუტატებს ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ლოზუნგი არ არის.

„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ვიცით, რომ უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი რჩება, რაც ჩვენი სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მისი ინფორმაციით, 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.

რაც შეეხება ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს საქონლის ექსპორტი.

„საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაფრის წარმოებას, შესაბამისად, ყოველთვის გვექნება იმპორტი, ამიტომ ექსპორტიც უნდა გავაძლიეროთ. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტი – მომსახურების მიმართულებით არცთუ ცუდი პროგრესია. თუ საექსპორტო პოტენციალს არ განვავითარებთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრმა პროდუქტიულობისა და შემოსავლების ზრდისთვის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის მუდმივ პროცესად ქცევა ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების გარეშე შეუძლებელია. ამასთან, როგორც მინისტრმა განმარტა, აღნიშნული სფეროს უცხოური ინვესტიციების გარეშე განვითარება შეუძლებელია.

banner
წინა სტატიაშისაოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს გატაცებული ორი პირი გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი პირველი აპრილიდან ამოქმედდება