,,გიორგი ქადაგიძის მოსმენის გადადება თავად ეროვნულმა ბანკმა გვთხოვა”

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ვერ აკონკრეტებს, განიხილავს თუ არა პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ეროვნული ბანკის გასული წლის ანგარიშს. აღნიშნულზე კომენტირებისას მეჭიაური მხოლოდ იმას ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიურომ უნდა მიიღოს. “ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვის გადადების ორი ფაქტი მახსოვს, როცა საკითხი დღის წესრიგში ჩასმული იყო და გადაიდო. ეს საგაზაფხულო სესიების ბოლოს მოხდა. მაშინ ჩემთან და ნოდარ ებანოიძესთან მოსული იყო მათი აღმასრულებელი დირექტორი და გვთხოვა, ანგარიშის მოსმენა გადაგვედო, რადგან გიორგი ქადაგიძე საქართველოში არ იმყოფებოდა. ჩვენ ტრიბუნასთან ვთხოვეთ დავით უსუფაშვილს და უსუფაშვილმა მისი თხოვნით მოსმენა გადადო. ამის შემდეგ საკითხი შეტანილი იყო საშემოდგომო სესიების დღის წესრიგში და ორჯერ იმის გამო გადაიდო, რომ პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ანგარიში განიხილა და შეფასება გააკეთა, რაც პარლამენტის ბიუროს გადავუგზავნეთ. ჩვენი მხრიდან ვადების არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ახლა ჩაჯდება თუ არა დღის წესრიგში, ეს ბიუროს გადასაწყვეტია. როგორც ისინი ჩათვლიან საჭიროდ, ისე მოვიქცევით, არანაირი პრობლემა არ მაქვს. კომიტეტმა დაკისრებული მოვალეობა პირნათლად შეასრულა”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” თამაზ მეჭიაურმა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარლამენტისგან ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მოსმენას ითხოვს და იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ბანკის წლიურ ანგარიშს თებერვალში მაინც მოისმენს.

banner
წინა სტატიაში2015 წელს, შარშანდელთან შედარებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 13 პროცენტით იკლო
შემდეგი სტატია“გუნდურობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო,”- ომარ ნიშნიანიძე საგურამოში გამართულ მიღებაზე საუბრობს