გიორგი ქადაგიძე: ჩვენი პროგნოზით ინფლაცია პიკს მომდევნო წლის პირველ კვარტალში მიაღწევს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ინფლაციის ზრდის საფრთხის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას კიდევ უფრო გაამკაცრებს.

ქადაგიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლიდან 3%-მდე დაიწევს. მისი თქმით, ინფლაცია მცირედით გადაზრდა სამიზნე მაჩვენებელს, რაც პროგნოზირებადი იყო.

„ინფლაცია პიკს მიაღწევს ჩვენი პროგნოზის მიხედვით მომდევნო წლის პირველ კვარტალში და დაუბრუნდება სამიზნე მაჩვენებელს მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საჭიროებას, ჩვენ ამას გავაკეთებთ. აქვე შემიძლია აღვნიშნო, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ზღვარზეა, როდესაც ჩვენი ანგარიშების მიხედვით, ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი 2017 წლიდან ჩამოიწევს 3%-მდე. ჩვენი საშუალო მაჩვენებელი 3% იქნება. რაც შეეხება ფასების ზრდას, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 5%-ია. ეს იქნება ოპტიმალური იმ განვითარების ნაწილში, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ინფლაცია ნიშნავს სამომხმარებლო ფასების საშუალო ზრდას. ეს არ ნიშნავს რომ ყველა საქონელზე გაზრდილია ფასი. ზოგზე შემცირებულია, ზოგზე მომატებული. საშუალო ინდექსი არის 6%-ზე ცოტა მეტი. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავინახავთ ინფლაციის მეტ საფრთხეს, ჩვენ გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას“, – განაცხადა ქადაგიძემ.

ინფალიცურ მოლოდინებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.

„ეროვნული ბანკის ხელმძღანელის რანგში ეს არის სავარაუდოდ ჩემი ბოლო შეხვედრა ბიზნესასოციაციასთან, რომელთანაც ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით. გარკვეულწილად იქნება ანგარიშის ჩაბარება განვლილი საქმიანობის შესახებ, ასევე საუბარი შეეხება მიმდინარე პრობლემებს, გამოწვევებს და სამომავლო გეგმებს“, – განაცხადა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიWikiLeaks-მა რუსულ გამანადგურებელზე თავდასხმისას ერდოღანის მოტივები გაიგო
შემდეგი სტატია“ზოგჯერ, ძალიან სუსტად გამოვიყურებით, როცა მიზეზს ვეძებთ, როგორ დავუპირისპირდეთ ეკლესიას, პატრიარქს “